პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 44 მოსამართლის უვადო არჩევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, ამ საკითხზე ლეგიტიმური კითხვები გაჩნდა საზოგადოებაში და სამთავრობო გუნდში.

"მათ შორის, მძიმეა რეაქცია სულხან მოლაშვილის საქმის განმხილველი მოსამართლის მანუჩარ კაპანაძის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში უვადოდ გამწესებასთან დაკავშირებით."

პრემიერის განცხადებით, აუცილებელია ამ კითხვებს დასაბუთებული საჯარო პასუხი გაეცეს.

"რა თქმა უნდა, ყველა აცნობიერებს, რომ ინსტიტუციონალური გადაწყვეტილებები ყოველთვის თანხვედრაში ვერ იქნება საჯარო აღქმებთან, თუმცა არსებობს განსაკუთრებული შემთხვევები, რომლებიც ღირებულებებს ეხება და მთელ ერს აერთიანებს. "

2018 წლის 22 თებერვალს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გაიმართა კენჭისყრა თანამდებობაზე 3 წლის ვადით გამწესებულ იმ მოსამართლეთა უვადოდ გასამწესებლად, რომლებმაც საბჭოს წერილობითი განცხადებით მიმართეს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა ფარული კენჭისყრით, ხმათა უმრავლესობით 50 კანდიდატიდან უვადოდ, საპენსიო ასაკის მიღწევამდე, 44 მოსამართლე გაამწესეს.