საზოგადოებრივი მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანომ მაუწყებლის მიერ პოეტ ზვიად რატიანის გაშუქებით ეთიკური ნორმების დარღვევაზე საჩივარი განიხილა. საჩივარი მაუწყებლის მხრიდან ზვიად რატიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების ხელყოფას, სიძულვილის გაღვივებასა და ჯეროვანი სიზუსტის დარღვევას ეხებოდა.

დღეს, 22 თებერვალს გამართულ სხდომაზე, სამეურვეო საბჭოს წევრების ნაწილიმხრიდან კითხვები ძირითადად იმას ეხებოდა, თუ რატომ მიმართა რატიანმა მაინც და მაინც საზოგადოებრივ მაუწყებელს და არა სხვა ტელევიზიებს.

"მარტო საზოგადოებრივ მაუწყებელს უჩივით? სხვა ტელევიზიას არა?" - იკითხა საბჭოს წევრმა მარინა მუსხელიშვილმა. მისმა კოლეგამ, გია იაკობაშვილმა კი იქვე გააგრძელა: "ანუ რუსეთმა რომ დაარღვია ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა გვეწყინა და ავსტრალიამ რომ დაარღვიოს არ გვეწყინება?"

საბჭოს კიდევ ერთი წევრი, გიორგი კოხრეიძე ფიქრობს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მხრიდან ზვიად რატიანის მიმართ სიძულვილის გაღვივება მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდებოდა, თუ პოეტს ფიზიკურ შეურაცხყოფას მიაყენებდნენ. მისივე აზრით, სოციალურ ქსელებში გამოთქმული შეურაცხმყოფელი ფრაზები არაფერს ნიშნავს.

"თუ ვაღიარებთ, რომ ჩვენი მხრიდან ეთიკის ნორმები დაირღვა, რას აძლევს ეს ზვიად რატიანს?" - იკითხა მარინა მუსხელიშვილმა.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი, ნატა ძველიშვილი, რომელიც განხილვას ესწრებოდა On.ge-სთან ამბობს, რომ ქარტიამ უკვე იმსჯელა ამ საკითხზე და გამოაქვეყნა დეტალური დასაბუთება, თუ რატომ დაირღვა სიზუსტისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის პრინციპები:

"ქარტიის საბჭოსა და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრების კითხვები აბსოლუტურად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. ქარტია ორიენტირებულია იმაზე, რომ ქვეყანაში განვითარდეს თვითრეგულირება და ყველა მედიასაშუალებამ იგრძნოს პასუხისმგებლობა საკუთარ ხარვეზებზე და იზრუნოს მათ გამოსწორებაზე. ჩემთვის გაუგებარი იყო ის კითხვები, რაც დაისვა სხდომაზე."

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ვიდეოს გამოქვეყნებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ბლოკის დირექტორმა გიორგი გვიმრაძემ და ვებსაიტის რედაქტორმა ირინა დეკანოიძემ ქარტიის პირველი და მეათე პრინციპები დაარღვიეს.

პოეტი ზვიად რატიანი ე.წ. რეიდების დროს დააკავეს. მას სამართალდამცავები წინააღმდეგობის გაწევასა და წვრილმან ხულიგნობას ედავებოდნენ. რატიანი კი პოლიციელებს ცემაში ადანაშაულებს. საბოლოოდ სასამართლომ მას 2 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 27 დეკემბერს გამოაქვეყნა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიწოდებული ვიდეო კადრები. საზოგადოებრივმა მასალა ისე მიაწოდა მომხმარებელს, რომ არ დაუზუსტებია, რომ აღნიშნული ვიდეო არა პოლიციის სამხრე კამერით, არამედ ტელეფონითაა გადაღებული, დამონტაჟებულია და არ ასახავს ინციდენტს სრულად.

ჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგ, მწერლებისა და გამომცემლების ჯგუფი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს შეხვდა და მენეჯმენტის გათავისუფლება მოსთხოვა.