გუშინ ცნობილი გახდა, რომ ჯორჯ და ამალ კლუნებმა იარაღის საწინააღმდეგო აქცია, რომელიც 24 მარტს გაიმართება $500 ათასით დააფინანსეს.

"ამალი და მე შთაგონებულები ვართ ამ ახალგაზრდა ადამიანების ბრძოლით, რომლებიც საკუთარი უფლებებისთვის იბრძვიან. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ ჩვენი ტყუპების ელასა და ალექსანდერის სახელით $500 ათასი გადავრიცხეთ ამ ახალგაზრდებისა და ჩვენი შვილების სიცოცხლის დასაცავად", - წერია განცხადებაში, რომელიც კლუნის ოჯახმა გაავრცელა.

როგორც აღმოჩნდა წყვილის ეს ნაბიჯი ჰოლივუდის სხვა ვარსკვლავებისთვისაც შთამაგონებელი აღმოჩნდა. ოპრა უინფრი, სტივენ სპილბერგი, ქეით კეპშო, ჯულიანა მური და სხვა ვარსკვლავები დაგეგმილ აქციას შემოწირულობის სახით კლუნების მსგავსად $500 ათასი დოლარით დააფინანსებენ.

"ჯორჯ და ამალი, გეთანხმებით, გიერთდებით და დაგეგმილ აქციას შემოწირულობის სახით $500 ათასს გადავურიცხავ. მადლობა იმ ახალგაზრდებს რომლებიც სიცოცხლისთვის იბრძვიან და 60-იანი წლების თავისუფლების მხედრებს მახსენებენ. სისხლისღვრა საკმარისად ვნახეთ და დროა ჩვენი ხმა გაიგონ!", - ამბობს ოპრა უინფრი.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ფლორიდის სკოლაში 19 წლის ნიკოლას კრუზმა ცეცხლსასროლი იარაღით 17 ადამიანი მოკლა. ბოლო ექვსი წლის განმავლობაში სკოლაში შეიარაღებული თავდასხმებიდან, ამას ყველაზე დიდი მსხვერპლი მოჰყვა. 2012 წელს სენდი-ჰუკის სკოლაში თავდამსხმელმა 26 ადამიანი მოკლა.

იარაღის შეძენის კონტროლის გამკაცრებასთან დაკავშირებით 24 მარტს ვაშინგტონში დიდი აქცია იგეგმება.