აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის, მედეა ვასაძის თქმით, აჭარის მთავრობის თავჯდომარის, არჩილ ხაბაძის პოსტიდან შესაძლო გადადგომას სწორ, თუმცა დაგვიანებულ გადაწყვეტილებას უწოდებს. ის განმარტავს, რომ ქართულ ოცნებას ამომრჩეველთან არჩილ ხაბაძის მეშვეობით არ მიესვლება. ამის შესახებ ვასაძემ გადაცემა არჩევანში განაცხადა:

"ხდება გარკვეული რეიტინგების შემოწმება და როგორც ამბობენ, ხაბაძე ამ რეიტინგში საერთოდ არ იკითხება".

ვასაძის აზრით, შესაძლოა ხაბაძის მიერ თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება ლევან ვარშალომიძის საქართველოში დაბრუნებას უკავშირდებოდეს, რადგან მისმა დაბრუნებამ ენმ მნიშვნელოვნად გაამყარა:

"ჩვენ ვიცით, რომ ენმ გარკვეულ დირექტივებს უკრაინიდან ღებულობდა. ახლა ლიდერი აქ არის, რაც ძალიან ბევრ რამეს ნიშნავს".

ვასაძემ ასევე განმარტა, რომ ქართული ოცნების წარმომადგენლებმა, თანამდებობის პირებმა, ვერ შეძლეს იმ დაპირებების შესრულება, რომლითაც ისინი ხელისუფლების სათავეში მოვიდნენ.

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც დღეს აჭარის მთავრობის თავჯდომარის, არჩილ ხაბაძის იმპიჩმენტი ვერ შედგა, მან აღნიშნული თანამდებობა შესაძლოა ხვალ დატოვოს. ნაციონალური მოძრაობა კი მიიჩნევს, რომ ხაბაძის მიერ თანამდებობის შესაძლო დატოვება ლევან ვარშალომიძის ბათუმში დაბრუნებას უკავშირდება.