ფლობს თუ არა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრი, მერაბ ქათამაძის თანამდებობაზე მუშაობისთვის აუცილებელ დიპლომს ორი განსხვავებული პასუხია. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო ამბობს, რომ ქათამაძე არ აქვს შესაბამისი დოკუმენტი, საწინააღმდეგოს ამტკიცებს კომუნიკაციების კომისია. ორივე მათგანი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას ეყრდნობა და წერილებსაც ასაჯაროებს.

ფოტო: საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ ტექნიკურ უნივერსიტეტს ქათამაძის დიპლომის ასლი გაუგზავნა და ჰკითხა შესაბამისი კვალიფიკაცია უთანაბრდებოდა თუ არა: ეკონომიკის, საჯარო ადმინისტრირების, ბიზნესადმინისტრირების, სამართლის, ელექტრონული კომუნიკაციების ან ჟურნალისტიკის მაგისტრის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს. ზუსტად ეს ჩამონათვალია მითითებული მაუწყებლობის შესახებ კანონში (მუხლი 9), რომლის მიხედვითაც ირჩევა კომუნიკაციების კომისიის წევრი.

არასამთავრობო ორგანიზაციას უნივერსიტეტმა აცნობა, რომ დიპლომი არ უთანაბრდება წერილში ჩამოთვლილი მაგისტრის აკადემიური ხარისხის მოთხოვნას. ინფორმაციის მიღების შემდეგ ორგანიზაციამ კვლევა გამოაქვეყნა, სადაც საუბარი იყო, რომ მერაბ ქათამაძე კომუნიკაციის კომისიის წევრის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს.

ფოტო: კომუნიკაციების ეროვნული კომისია

კვლევის გამოქვეყნების შემდეგ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს მიმართა თავად მერაბ ქათამაძემაც. მან უნივერსიტეტის ხელმძღვანელს ჰკითხა მისი დიპლომი უთანაბრდებოდა თუ არა მაუწყებლობის შესახებ კანონში მითითებულ აკადემიური ხარისხის მოთხოვნებს. უნივერსიტეტიდან კომისიის წევრს მისწერეს, რომ მისი დიპლომი ელექტრონული კომუნიკაციების მიმართულებით მაგისტრის დიპლომს უთანაბრდებოდა.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის იურიდიული დეპარტამენტრის უფროსმა, ბექა მაისურაძემ On.ge-ს უთხრა, რომ საქართველოს კომუნიკაციების კომისიისთვისა და საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსთვის მიწერილი წერილები ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება. მისი განმარტებით, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს მიერ წერილში მითითებული სამაგისტრო პროგრამა არ არსებობს.

"დიპლომის მაგისტრის ხარისხთან გათანაბრებაზეა საუბარი [საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს] წერილში და არა - შინაარსობრივ გათანაბრებაზე... ზუსტად ამ სახელწოდებით ელექტრონული კომუნიკაციები, რადგან არ არსებობს სამაგისტრო პროგრამა, შესაბამისად, ჩვენგან გაგზავნილ წერილში საუბარია ამ ფორმალურ მხარეზე, რომ არარსებულ პროგრამას ვერ შევადარებთ 20 წლის წინ გაცემულ დიპლომს", - ამბობს ტექნიკური უნივერსიტეტის იურიდიული სამსახურის უფროსი.

მისი თქმით, მერაბ ქათამაძეს განსხვავებული პასუხი იმიტომ მისწერეს, რომ საკითხის შინაარსობრივ განმარტებას ითხოვენ.

"მეორე [კომისიის] წერილში მოგვმართეს და გვთხოვეს კონკრეტული საკითხის შესწავლა. საუბარი იყო შინაარსობრივ მხარეზე, პასუხიც მომზადებული არის შინაარსობრივი განხილვის შედეგად და არა - სახელწოდებების ფორმალური შედარების დონეზე", - განმარტავს ბექა მაისურაძე.