რამდენიმე ათეულმა მოზარდმა აშშ-ში თეთრ სახლთან მწოლიარე პროტესტი მოაწყო. ისინი მთავრობისგან იარაღის შეძენის კონტროლის გამკაცრებას მოითხოვდნენ.

რამდენიმე დღის წინ ფლორიდის სკოლაში 19 წლის ნიკოლას კრუზმა ცეცხლსასროლი იარაღით 17 ადამიანი მოკლა. ბოლო ექვსი წლის განმავლობაში სკოლაში შეიარაღებული თავდასხმებიდან, ამას ყველაზე დიდი მსხვერპლი მოჰყვა. 2012 წელს სენდი-ჰუკის სკოლაში თავდამსხმელმა 26 ადამიანი მოკლა.

მწოლიარე პროტესტის იდეა სკოლის ორ მოსწავლეს, ელეონორ ნეჰტერლაინსა და უიტნი ბოუენს, ეკუთვნის. თავიდან მათ სურდათ 17 ადამიანისთვის ეთხოვათ 3 წუთის განმავლობაში თეთრი სახლის წინ ასფალტზე დაწოლილიყვნენ. ზუსტად სამი წუთი დასჭირდა ნიკოლას კრუზს, რომ სკოლაში 17 ადამიანი მოეკლა.

ორგანიზატორებს თავიდან სურდათ, რომ ტროტურზე დაწოლა ახლობლებისთვის და მეგობრებისთვის ეთხოვათ, მაგრამ პროტესტს 100-ზე მეტი ადამიანი შეუერთდა - მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები.

ფოტო: Getty

პროტესტის ზოგიერთი მონაწილე ტროტუარზე გაწვა და თავდასხმის დროს გარდაცვლილები განასახიერა. სხვებს პლაკატები ეჭირათ წარწერებით "მე შემდეგი ვარ?", "სკოლა შიშის ადგილი არ არის", "გიყვარდეთ ბავშვები და არა იარაღი".

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ორშაბათს განაცხადა, რომ იარაღის გაყიდვისას მყიდველების ბიოგრაფიის კონტროლი უნდა გამკაცრდეს.

ამერიკული მედიის ცნობით, ნიკოლას კრუზმა წინა წელს 7 იარაღის შეძენა შეძლო, მიუხედავად იმისა, რომ 2016 წელს შტატის სოციალურმა სამსახურმა მისი ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ იცოდა..