ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალს, დეა გოშხეთელიანს ყოფილი ქმრის ოჯახზე Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტის გამო შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს. გოშხეთელიანის ყოფილმა მამამთილმა შესაბამისი განცხადებით პოლიციას 6 თებერვალს მიმართა და განაცხადა, რომ დეას მხრიდან ფსიქოლოგიურ ძალადობას განიცდიდა.

17 თებერვალს, ყოფილმა დედამთილმა და მულმა ასევე მიმართეს პოლიციას შემაკავებელი ორდერის გამოცემის მოთხოვნით. პოლიციამ ამჯერადაც დააკმაყოფილა მოთხოვნა და დეა გოშხეთელიანს აუკრძალა სოციალურ ქსელში დედამთილისა და მულის მიმართ სტატუსების გავრცელება.

ყოფილი მამათილის მიმართ დეა გოშხეთელიანის შემაკავებელი ორდერი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა მოსამართლემ იგი ძალაში დატოვა. საიას შეფასებით, ორდერის გამოცემა არ ეფუძნება მსხვერპლის ინტერესების დაცვას და მის მიმართ ძალადობის პრევენციას. საიას თქმით, პოლიცია და სასამართლო არ იაზრებს საკითხის სიმწვავესა და გენდერული პრობლემატიკას:

"სასამართლომ შექმნა სარისკო და მსხვერპლის ინტერესების საწინააღმდეგო პრეცედენტი, რომლითაც მსხვერპლს გაუმართლებლად შეუზღუდა საჯარო სივრცეში გადატანილ ძალადობრივ ფაქტებზე საუბარი და მოსაზრებების დაფიქსირება. აღნიშნული გადაწყვეტილებით მოხდა მსხვერპლის მოძალადედ მიჩნევა, რაც ძალადობის მსხვერპლ ქალებს სახელმწიფოსგან უგზავნის მესიჯს, რომ არ უნდა ისაუბრონ მათ მიერ გამოვლილ ძალადობის ფაქტებზე."