ქართველი პოეტების, სალომე ბენიძისა და დიანა ანფიმიადის შემოქმედებამ The Poetry Translation Centre (PTC)-ის ყურადღება მიიპყრო. მათი ლექსები 2018 წლის მაისისთვის ინგლისურ ენაზე ითარგმნება და ბრიტანეთში გამოიცემა.

ცენტრი 2004 წელს პოეტმა სარა მაგუაიერმა დააარსა და მისი შექმნის მიზანი ინგლისური პოეტური ტრადიციის თარგმანების გზით გამდიდრება იყო. PTC-მ 2018 წელი ქალების წლად გამოაცხადა და სწორედ ამ პროექტის ფარგლებში დაინტერესდა ცენტრი ქართველი მწერლებით. დიანასა და სალომეს ლექსებს საუკეთესო ბრიტანელი პოეტები, ჰელენ მორტი და ჯინ სპრაკლენდი თარგმნიან, შუალედურ თარგმანს კი ნატალია ბუკია-პეტერსი შეასრულებს.

"დიანა და სალომე საქართველოში წამყვანი პოეტები არიან. გვიხარია, რომ მათი ნამუშევრების გაზიარებას ინგლისურენოვანი მკითხველებისთვის შევძლებთ", - აცხადებს ერიკა ჯარნესი, The Poetry Translation Centre-ის დირექტორი.

სალომე ბენიძე მთარგმნელი, მწერალი და პოეტია. მისი წიგნი, "ქალაქი წყალზე" 2015 წელს გამოიცა და ბესტსელერი გახდა. არის საბას პრიზიორი და წინანდლის პრემიის მფლობელი.

დიანა ანფიმიადი პოეტი, ლინგვისტი, პუბლიცისტი და მასწავლებელია. დიანას ოთხი კრებული აქვს გამოცემული. 2008 წელს მან კონკურსი "წერო" მოიგო, 2009 წელს კი მისმა პირველმა წიგნმა "საბას" დებიუტის კატეგორიაში გაიმარჯვა.