EMC-ის იურისტი, თამთა მიქელაძე მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ტერორიზმში ბრალდებული თურქეთის მოქალაქე, მუსტაფა ემრე ჩაბუქი 1 000-ლარიანი გირაოთი პოლიტიკური და სოციალური წნეხის გამო გაათავისუფლა.

მიქელაძე On.ge-სთან ამბობს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ემოციური და მნიშვნელოვანი, თუმცა ამასთანავე სამართლებრივად პრობლემური იყო, რადგან პატრიმრობის ვადა 4 დღეში ისედაც იწურებოდა:

"შემაშფოთებელი იყო ის დასაბუთება, რომელიც პროკურატურამ წარმოადგინა და სასამართლომ გაიზიარა. თითქოს, მიუხედავად იმისა, რომ წინასაექსტრადიციო ვადა იწურება, მიმალვის, ან მტკიცებულებების განადგურების რისკი არსებობს. კანონი ითხოვს წინასაექსტრადიციო ვადის გასვლის შემდეგ ჩაბუქის გათავისუფლებას. ამიტომ მათ სურთ შეზღუდვის ბერკეტის ქონა. მას შეიძლება სხვადასხვა უფლებები ჩამოერთვას, თუმცა გადაწყვეტილების შინაარსი ჩვენთვის ბოლომდე ცნობილი არ არის."

თამთა მიქელაძის თქმით, ჩაბუქის თურქეთში ექსტრადიციაზე არსებითი განხილვა გრძელდება და სავარაუდოდ, ეს პროცესი კიდევ უფრო გაჭიანურდება:

"თუ ინსტიტუციურად და კანონის უზენაესობის პერსპექტივიდან შევხედავთ გადაწყვეტილებას, ის ამოვარდნილია სამართლებრივი ჩარჩოდან და კიდევ ერთხელ მიუთითებს სასამართლოში დამოუკიდებლობისა და ნეიტრალურობის პრობლემაზე."

დემირელის კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერი, მუსტაფა ემრე ჩაბუქი შეიარაღებული ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით, თურქეთის მოთხოვნით, თბილისში 2017 წლის 24 მაისს დააკავეს და 9-თვიანი წინასაექსტრადიციო პატიმრობის შემდეგ დღეს, 19 თებერვალს გაათავისუფლეს.

მუსტაფა ემრე ჩაბუქის სასამართლო პროცესს სახალხო დამცველის წარმომადგენელი, ასევე, ამერიკელი კონგრესმენები პატრისიო რიბოლა, დები როდელა, დევიდ კილგური და ვენდი ტეილორი ესწრებოდნენ. ექსტრადიციას ეწინააღმდეგება ევროპარლამენტარი რებეკა ჰარმსი, რომელმაც ჩაბუქი საპატიმროში რამდენიმე დღის წინ მოინახულა.