დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი აცხადებს, რომ კუს ტბის მიდამოებში მალარიის გადამტანი კოღო არ არის. მათივე განცხადებით, დენგეს, ზიკას და ჩიკუნგუნიას ვირუსის გადამტანები კუს ტბის მიდამოებში არ ბინადრობს.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის განმარტებით, თევზი გამბუზია რომლის სხეულის სიგრძეა 3,5-7,5სმ, განსაკუთრებით აქტიურად იკვებება მალარიის გადამტანი კოღოს, ანოფელესის მატლებით. ის საქართველოში 1925 წელს, იტალიიდან ექიმ ნ.რუხაძემ შემოიტანა სპეციალურად მალარიასთან საბრძოლველად. საქართველოში მალარიის ელიმინაციის პროცესში ამ თევზმა უდიდესი წვლილი შეიტანა. გამბუზია ძალიან კარგად შეეგუა საქართველოს ბუნებას და გავრცელებულია ყველგან სადაც წყალსატევები ზამთარში არ იყინება. იგი ზაფხულში იძლევა 6 თაობას დაახლოებით თითო თვის შუალედით. თითო ნაყარში 15-იდან 100-მდე და მეტი ლიფსიტაა. გამბუზია ბინადრობს პატარა დამდგარ წყალსატევებში. იკვებება კოღოს მატლებითა და ჭუპრებით, მცირეზომის წყლის ცხოველებით, სხვა თევზების ქვირითით, საკუთარი ლიფსიტებითაც კი.

ზიკა ვირუსის გადამტანი კოღოს მოსპობის მიზნით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ თბილისში, კუს ტბაში აბაშიდან ჩამოყვანილი გამბუზიას ჯიშის თევზი გაუშვა. კუს ტბის გარდა, აღნიშნულ თევზს გაუშვებენ თბილისსა და მის მიმდებარე ტბორებში.