კომპანია Apple-ის ფუტურისტული კამპუსი, რომელსაც კოსმოსურ ხომალდსაც უწოდებენ, ნამდვილი არქიტექტურული საოცრებაა. მთავარი შენობის ფართობი 260 000 კვადრატული მეტრია და მასში 13 000-მდე თანამშრომელი ეტევა.

როგორც ფოტოდან ხედავთ, შენობა მინის უზარმაზარი პანელებით არის დაფარული და შიდა ოთახებიც გამჭვირვალეა. ეს ის ინდუსტრიული ესთეტიკაა, რომელსაც Apple უკვე მთელი დეკადაა, პოპულარიზაციას უწევს, თუმცა მინის შენობა Apple-ის თანამშრომლებს ნამდვილ თავისტკივილად ექცათ და ამას გადატანითი მნიშვნელობით არ ვამბობთ. როგორც აღმოჩნდა, ადამიანები, რომლებიც ხშირად სმარტფონებში თავჩარგულები მიიჩქარიან შეხვედრაზე, კედლებს განუწყვეტლივ ასკდებიან. ზოგიერთმა თანამშრომელმა სივრცის "მონიშვნა" წებოვანი ქაღალდებით სცადა, თუმცა სტიკერები მაშინვე გააქრეს, რადგან მინიმალისტური კონცეფცია ირღვეოდა.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა Apple-ის მინიმალისტურმა დიზაინმა უსიამოვნო ინციდენტი გამოიწვია. 2011 წელს 83 წლის ქალი ბრენდის ერთ-ერთ მაღაზიას შეასკდა და ცხვირი გაიტეხა, მოგვიანებით კი Apple-ს უჩივლა.