"ამხელა მასშტაბის და დონის ორგანიზაციაში საქართველოს წარმომადგენლის მეორე ტურში გასვლა და მხოლოდ ასეთი მცირე სხვაობით დამარცხება, არის უკვე უდიდესი წარმატება საქართველოსთვის, " - ასე გამოეხმაურა ენმ-ს წევრი, გიორგი კანდელაკი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის არჩევნებში გიგი წერეთლის დამარცხებას.

მისი თქმით, ეს იყო შანსი საქართველოსთვის, რომ საერთაშორისო დონეზე მთელი სიმწვავით დამდგარიყო საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საკითხები:

"როგორიც არის ტერიტორიის დეოკუპაცია, დევნილთა დაბრუნება, სუვერენიტეტის საკითხები. სამწუხაროდ, ჩვენი მთავრობისთვის უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ვიწრო პარტიული ინტერესი, ვიდრე ქვეყნის ინტერესი".

როგორც წერეთელმა თავად განმარტა, ქართული ოცნების მის საწინააღმდეგოდ გადადგმულმა ნაბიჯებმა ხელი შეუწყო მის არჩევნებში დამარცხებას.

დღეს, თბილისში არჩევნების მეორე ტურის ჩატარების შედეგად, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად, ავსტრიელი კრისტინა მუტონენი აირჩიეს, გიგი წერეთელი კი დამარცხდა. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე სესია საქართველოში ამით დასრულებულია.