დრამა კიმ კეტრელსა და სარა ჯესიკა პარკერს შორის გრძელდება. საკულტო სერიალის, Sex and the City, ვარსკვლავები ერთმანეთს უკვე ნახევარ წელზე მეტია რაც დაუპირისპირდნენ.

ყველაფერი კიდევ უფრო გამწვავდა მას შემდეგ, რაც კიმმა ინსტაგრამზე პოსტი გამოაქვეყნა სადაც ჯესიკას მიმართავდა.

"დღეს დედამ მკითხა, როდის დამანებებდა თავს ფარისეველი სარა ჯესიკა პარკერი. სარა, შენი საქციელი კიდევ ერთხელ მახსენებს, როგორი ბოროტი იყავი ადრეც და ახლაც, ნება მომეცი ყველაფერს ნათელი მოვფინო - შენ არ ხარ ჩემი ოჯახი. შენ არ ხარ ჩემი მეგობარი. უკანასკნელად გეუბნები, შეეშვი ჩემი ოჯახის ტრაგედიით მანიპულირებას შენი "კარგი გოგოს" იმიჯის აღსადგენად. არ მჭირდება შენი სიყვარული და მხარდაჭერა ასეთ ტრაგიკულ დროს", - წერდა კიმ კეტრელი.

მსახიობის ამ განცხადებას გამოეხმაურა სარა ჯესიკა პარკერი:

"არ მსურს ამაზე საუბარი. ჩვენ გვქონდა არაჩვეულებრივი გამოცდილება, შთაბეჭდილებები, არაფერი ცუდი ჩვენს ურთიერთობაში არ ყოფილა. ჩვენ გვქონდა კავშირი მაყურებელთან, ქალაქთან, გუნდთან, რომელიც სერიალს ქმნიდა და გვქონდა არაჩვეულებრივი ისტორიები ერთმანეთთან. ვერ წარმომიდგენია სხვა, ვინც სამანტას როლს ასე ითამაშებდა. არანაირი ჩხუბი არ ყოფილა, ყველაფერი სიცრუეა, ზუსტად ამიტომ არ ვპასუხობ კიმს. მას შეუძლია თქვას ის, რაც სურს რომ თქვას, ეს მისი უფლებაა", - ამბობს სარა ჯესიკა.

კიმისა და სარა ჯესიკა პარკერის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც კიმმა თქვა, რომ ის Sex and the City-ის მსახიობებთან არასდროს მეგობრობდა.

ამ განცხადებას გამოეხმაურა სარა ჯესიკა პარკერიც და აღნიშნა, რომ კეტრელის ამ განცხადებამ გული ატკინა.

"გულგატეხილი ვიყავი და ეს საწყენი იყო, რადგან ჩვენი წარსული სხვანაირად მახსოვს. მართალია, პროფესიული შეხება გვქონდა, მაგრამ იმის გამო, რომ სერიალი ამდენი წელი გრძელდებოდა, დროთა განმავლობაში ჩემთვის ეს ურთიერთობა პერსონალურიც გახდა"-ამბობს პარკერი.

ალბათ უკვე იცით, რომ 2017 წლის შემოდგომაზე Sex and the City-ის მესამე ნაწილის გადაღებები უნდა დაწყებულიყო, თუმცა მისი გადაღებები მანამ შეჩერდა, სანამ დაიწყებოდა. ამის შესახებ მსოფლიოს სარა ჯესიკა პარკერმა ამცნო.

როგორც აღმოჩნდა, სერიალის გადაღებები კიმ კეტრელის გამო ჩაიშალა, თუმცა მსახიობის თქმით, მან მესამე ფილმზე უარი ჯერ კიდევ 2016 წელს თქვა. "სამანტა ჩემი გმირი იყო, თუმცა ახლა დასვენება მინდა" - ამბობდა კიმი.

სარა ჯესიკა პარკერის განცხადების გავრცელების შემდეგ, Sex and the City-ს მსახიობები ტვიტერზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.