ტერორიზმში ბრალდებულმა ანდერს ბრეივიკმა პირველად განაცხადა, რომ ჩადენილ დანაშაულს ნანობს. ინფორმაციას ნორვეგიული მედია ავრცელებს.

ამის შესახებ მან ციხის ხელმძღვანელებისთვის დაწერილ წერილში აღნიშნა. ბრეივიკმა წერილი 2017 წელს, მისი უფლებების დარღვევის საქმეზე სასამართლო დავის წაგების შემდეგ დაწერა. მისი თქმით, მას არაჰუმანურად ექცეოდნენ, რადგან კამერაში მარტო იყო.

"ვნანობ, რაც 2011 წლის 22 ივლისს გავაკეთე. შესაძლებელი რომ იყოს, ისე ვიზამდი, რომ ეს არ მომხდარიყო", - ნათქვამია ბრეივიკის წერილში.

ფსიქიატრის თქმით, ბრეივიკის სხვა პატიმრებთან კონტაქტი დაშვებულია, თუმცა არსებობს რისკი, რომ თავს დაესხმებიან.

2011 წელს ანდერს ბრეივიკმა ოსლოში სამთავრობო კვარტალში, პრემიერ-მინისტრის ოფისთან, ავტომანქანაში დამონტაჟებული ყუმბარა ააფეთქა. ორი საათის შემდეგ ცეცხლსასროლი იარაღით უტეიას კუნძულზე ახალგაზრდულ ბანაკს დაესხა თავს.

ტერორისტული აქტების შედეგად დაიჭრა 151, ხოლო გარდაიცვალა 77 ადამიანი, მათ შორის საქართველოს ერთი მოქალაქე.

ბრეივიკი პოლიციას ჩაბარდა. სასამართლოზე მან განაცხადა, რომ თავისი ქმედებით "ევროპის კულტურული თვითმკვლელობის" შეჩერება სურდა, რაც მუსლიმები მასობრივ იმიგრაციაში გამოიხატება. პატიმრობის პირობების შესახებ საჩივრის უარყოფის შემდეგ, ბრეივიკმა ოფიციალურად შეცვალა სახელი. ახლა ოფიციალურად მას ფიოტოლფ ჰანსლერი ჰქვია.