ამერიკული სადაზვერვო სააგენტოები მომხმარებლებს მოუწოდებენ, ჩინური კომპანიების, Huawei-სა და ZTE-ის მობილურების გამოყენებისგან თავი შეიკავონ.

FBI-ის დირექტორის, კრის ვრეის სიტყვებით, ჩინური კომპანიები მჭიდროდ არიან დაკავშირებული მთავრობასთან და მათი მობილურების გამოყენება უსაფრთხოების ნორმების უგულებელყოფაა.

"ამ კომპანიების მიერ შექმნილი მოწყობილობებით ინფორმაციის დამუშავება და მოპარვა ადვილად არის შესაძლებელი. შესაბამისად, იზრდება სახელმწიფო საიდუმლოებების გაცემის რისკი".

გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ Huawei ჩინეთის სახალხო-განმანთავისუფლებელი არმიის ყოფილი ინჟინერის მიერაა დაფუძნებული. ამერიკელ პოლიტიკოსებს აქამდეც უსაუბრიათ იმაზე, რომ ჰუავეის მოწყობილობები ეფექტური იარაღია ჩინეთის მთავრობის ხელში. უახლოეს მომავალში შეიძლება საჯარო სამსახურში დასაქმებულებს ჩინური ტექნოლოგიური გიგანტების პროდუქციის გამოყენება კანონითაც აეკრძალოთ.

ჰუავეიში აცხადებენ, რომ ამერიკული მთავრობა მიზანმიმართულად ცდილობს კომპანიის დისკრედიტაციას და მათი პროდუქცია განსაკუთრებულ კიბერრისკებს ნამდვილად არ შეიცავს.