"ესაა ფარსი. ეს არაა პროგრესული ნაბიჯი. ეს არის ტყუილი და ხალხის დასამარებისა და დაღუპვის რიცხვის ზრდის წინა პირობა", - ასე შეაფასეს აუდიტორია 115-ის წევრებმა საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონის შინაარსი.

საქართველოს პარლამენტში, ჯანდაცვის კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ, აუდიტორია 115-ის წარმომადგენლებმა სიტყვა მოითხოვეს, რაზეც კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ უარი უთხრა. აუდიტორია 115-ის წევრებმა პროტესტის ნიშნად ფურცლები აწიეს, რომელზეც 1209 ეწერა.

"არაფერი შემოთავაზება თქვენ არ გაგითვალისიწინებიათ, დღევანდელი პოლიტიკური ელიტა უფრო და უფრო უახლოვდება ბიზნეს ელიტებს და გავლენების ქვეშ ექცევა. ეს არის იმ ადამიანების რიცხვი [1209], რომელიც უფრო და უფრო გაიზრდება. ვერ ხედავთ თქვენ ამას, იმიტომ რომ დიდი ხანია დაშორდით ხალხს და დაშორდით იმ არსებულ რეალობას, რაც ხდება", - განაცხადა აუდიტორია 115-ის წევრმა კომიტეტის სხდომის დასრულებისას.

13 თებერვალს თბილისში მშენებლობაზე კიდევ ერთი მუშა, 26 წლის ბიჭი გარდაიცვალა. ის 2011 წლიდან 2017 წლამდე 1209-ე მუშაა, რომელიც სამუშაო ადგილზე დაიღუპა.

14 თებერვალ შრომის უსაფრთხოების მოთხოვნით აუდიტორია 115-ის აქცია გაიმართა.