იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ლეიბორისტული პარტიის ლიდერს, შალვა ნათელაშვილს ცილისწამებასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი მოუგო. ამის შესახებ მინისტრმა ფეისბუკზე დაწერა.

როგორც მინისტრის პოსტშია ნათქვამი, ოპოზიციური პარტიის ლიდერს დაევალა, რომ თავისი განცხადებები უარყოს. მისი თქმით, 2016 წელს იბერიისა და ტვ პირველის ეთერით მის მიმართ ნათელაშვილმა ცილისმწამებლური განცხადებები გააკეთა:

"ბინა სტრასბურგში თავისი შემოსავლებით არ იყიდა, უყიდეს და ამით იყიდეს".

საქმე ნათელაშვილის მიერ სხვადასხვა თანამდებობის პირების, მათ შორის თეა წულუკიანის ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობის შესახებ განცხადებებს ეხება. წულუკიანმა სარჩელი 2017 წლის თებერვალში შეიტანა, ხოლო პირველი სხდომა ივნისის დასაწყიში ჩაინიშნა.

ნათელაშვილის ადვოკატმა, მარი ცუცქირიძემ On.ge-სთან საუბარში თქვა, რომ გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებენ.

"არ გვქონდა იმის ამბიცია, რომ სასამართლო გაბედავდა და წულუკიანის სარჩელს არ დააკმაყოფილებდა. ეს კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ შერჩევითი სამართალია".

ცუცქირიძის თქმით, სასჯელი იყო დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო და, ფაქტობრივად, ამით ხაზი გადაესვა სიტყვისა და გამოხატვის შესახებ კანონის მოქმედებას.

"წარმოიდგინეთ, ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე პოლიტიკურ ტოქშოუში თავისი შეხედულება და შეფასება გამოხატა ცალკეულ მინისტრებთან მიმართებაში და ამის გამო მან ბოდიში უნდა მოიხადოს. დემოკრატიულ სახელმწიფოში წესით ეს არ უნდა ხდებოდეს", - თქვა ცუცქირიძემ.