ფლორიდის საშუალო სკოლაში შეიარაღებული თავდასხმისას სულ მცირე 17 ადამიანი გარდაიცვალა. როგორც ადგილობრივი მედია წერს, თავდაპირველად თავდამსხმელმა სახანძრო სისტემა აამუშავა, რამაც სკოლაში პანიკა გამოიწვია, და ამის შემდეგ ხალხის მიმართულებით ცეცხლი გახსნა.

თავდამსხმელი ყოფილი მოსწავლე 19 წლის ნიკოლას კრუზია. პოლიციის ინფორმაციით ის უკვე დაკავებულია. ადგილობრივი მედია წერს, რომ თავდამსხმელი სამართალდამცავებისთვის ცნობილი იყო, რადგან ახალგაზრდა რეზერვისტთა მომზადების ფედერალურ პროგრამაში მონაწილეობდა. სკოლიდან კრუზი "ცუდი დისციპლინის" გამო გარიცხეს.

პირველად მან სროლა ქუჩაში დაიწყო და სამი ადამიანი მოკლა. შემდეგ სკოლის შენობაში შევიდა, სადაც 12 ადამიანი დაჭრა. კიდევ ორი საავადმყოფოში ჭრილობების გამო გარდაიცვალა.

როგორც პოლიცია ამბობს, გარდაცვლილებს შორის არიან როგორც სკოლის მოსწავლეები, ისე ზრდასრულები, მაგრამ ჯერ ცნობილი არაა მასწავლებლები არიან თუ მშობლები. ასევე, ცნობილია, რომ გარდაცვლილებს შორის ფეხბურთის ადგილობრივი კლუბის მწვრთნელია.

გუშინ, 14 თებერვალს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს შტაბის შესასვლელთანაც სროლა იყო. დაჭრილია სამი პირი, სავარაუდო დამნაშავე კი დაჭერილია.

ყველაზე მასშტაბური თავდასხმა აშშ-ის ისტორიაში ლას-ვეგასში იყო. ქანთრის ფესტივალზე სროლის შედეგად, სულ მცირე, 59 ადამიანია მოკლული, დაჭრილია 520-ზე მეტი. პოლიციის თქმით, 64 წლის ლას-ვეგასის მცხოვრებმა სტივენ პადოკმა სასტუმროს ნომრიდან ხალხის მიმართულებით ცეცხლი გახსნა. ფესტივალზე სულ ოცი ათასზე მეტი ადამიანი იყო.