გერმანია გეგმავს, რომ დაბინძურებულ ქალაქებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასო გახადოს. გერმანიის მთავრობამ გეგმის განხილვა ევროკავშირის ზეწოლის შემდეგ ჰაერის დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით დაიწყო.

მთავრობამ ხუთი ქალაქი შეარჩია, მათ შორის ბონი, ესენი, როიტლინგენი, მენჰაიმი და პატარა ქალაქი ჰერენბერგი, რომელიც გერმანის ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებული ქალაქიდან, შტუტგარდიდან სამხრეთით მდებარეობს.

Deutsche Welle-ს ცნობით, გერმანიის გარემოს დაცვის მინისტრმა, ბარბარა ჰენდრიკმა, სოფლის მეურნეობის მინისტრმა, კრისტიან შმიდტმა და კანცლერის ოფისის უფროსმა პიტერ ალტმაიერმა, ინიციატივის შესახებ წერილი ევროპის გარემოს დაცვის კომისიას ბრიუსელში გაუგზავნეს.

გერმანიის მთავრობის წინადადება, უფასო საზოგადოებრივი ტრანსპორტის შესახებ, მოსახლეობას წაახალისებს, რათა საკუთარი ავტომობილები სახლში დატოვონ. ამით კი შემცირდება ჰაერში აზოტის დიოქსიდის გამოფრქვევა.

წერილში ასევე შემოთავაზებული იყო "დაბალი გამონაბოლქვის" ზონების შემოღება, რაც გულისხმობს ელექტროტაქსებისა და ზოგადად, ელექტრომანქანების წახალისებას.

როგორც Reuters წერს, გერმანია ევროკომისიის ზეწოლის ქვეშაა, მას შემდეგ რაც იანვარში გაფრთხილება მიიღო ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების შესახებ. ევროკომისიამ გააფრთხილა ყველა წევრი სახლმწიფო, რომ დაჯარიმდებოდნენ, თუკი ევროკავშირის წესებს დაარღვევდნენ.

ინიციატივის ავტორებმა განაცხადეს, რომ მათ ყველაფერი შეათანხმეს გერმანიის ფედერალურ მიწებთან და მუნიციპალიტეტებთან. თუმცა, გერმანიის ქალაქების საბჭოს ხელმძღვანელმა ჰელმუტ დედიმ განაცხადა, რომ მისთის ეს ინიციატივა სიურპრიზი იყო.

მისივე თქმით, იყო მოსაზრებაც, რომ სამგზავრო ბილეთის ფასი შემცირებულიყო ზოგიერთ ქალაქში. ამ შემთხვევაში კი, ფედერალურმა მთავრობამ უნდა დააფინანსოს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რათა უფასო გახდეს. გერმანიის ქალაქებში ადგილობრივი საზოგადოებრივი ტრანსპორტის უმეტესობა მუნიციპალიტეტს ეკუთვნის.