ყველასათვის საყვარელი რეჟისორი, მარტინ სკორსეზე უკვე 60 წელია რაც კინოინდუსტრიას თავისი საინტერესო პროექტებით ანებივრებს.

რეჟისორი ამჟამად რამდენიმე პროექტზე მუშაობს, მათ შორის თეოდორ რუზველტის ბიოგრაფიულ ფილმზე, რომელშიც მთავარ როლს ლეონარდო დიკაპრიო შეასრულებს.

მიუხედავად ბევრი პოპულარული ფილმისა, როგორც აღმოჩნდა რეჟისორს ერთი ოცნების პროექტი აქვს. სკორსეზეს სურს გადაიღოს სერიალი იულიუს კეისრის შესახებ.

სწორედ ამიტომ, ის მაიკლ ჰირსტს დაეკონტაქტა, რომელსაც ეკუთვნის სცენარი ისეთი ფილმებისა და სერიალებისთვის, როგორებიცაა - Vikings, The Tudors, Elizabeth და ა.შ. რეჟისორი და სცენარისტი ერთად იმუშავებენ რომის იმპერატორის ბიოგრაფიულ პროექტზე.

აღსანიშნავია, რომ სკორსეზეს ეს პროექტი თავდაპირველად ფილმის სახით ჰქონდა ჩაფიქრებული, თუმცა საბოლოოდ გადაწყდა, რომ კეისრის შესახებ სერიალს გადაიღებენ.

"ის [იულიუს კეისარი] ახალგაზრდობიდანვე ძალიან ამბიციური იყო, სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ შევქმნათ და გაჩვენოთ იმპერატორის მთელი გზა", - ამბობს ჰირსტი.

ჯერ-ჯერობით უცნობია როდის დაიწყება გადაღებები და რომელ არხზე გავა სერიალი.