უკრაინის სახალხო დამცველმა, ვალერია ლუტკოვსკაიამ მიხეილ სააკაშვილის პოლონეთში დეპორტაციის საქმის შესწავლა დაიწყო. ის აპირებს, რომ დაადგინოს ოდესის ყოფილი გუბერნატორის უფლებები დაირღვა თუ არა.

როგორც ლუტკოვსკაია ამბობს, პოლონეთში სააკაშვილის რეადმისიის პროცედურების შესახებ ინფორმაციის გამოთხოვებით სამართალდამცავ ორგანოებს უკვე მიმართა.

ომბუდსმენის განმარტებით, საქმის შესწავლა სახალხო დამცველის ინიციატივით იწყება იმ შემთხვევაში თუ ადამიანის უფლებების პოტენციურ დარღვევას ხედავს. თუმცა სააკაშვილის შემთხვევაში რა იგუისხმებოდა პოტენციურ დარღვევებად არ უთქვამს.

12 თებერვალს მიხეილ სააკაშვილი კიევის რესტორან სულგუნში დააკავეს. თავდაპირველად უცნობი იყო ვინ დააკავა ოდესის ყოფილი გუბერნატორი. მოგვიანებით, უკრაინის საზღვრის სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მისი რეადმისიის შესახებ გადაწყვეტილება საიმიგრაციო სამსახურთან ერთად მიიღო. ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ მიხეილ სააკაშვილს დააბრუნებენ იმ ქვეყანაში, რომლიდანაც არალეგალურად შემოვიდა.

დაკავებიდან რამდენიმე წუთში, მისი პარტიის, ახალი ძალების მოძრაობის წევრებმა მხარდამჭერებს მოუწოდეს ჟულიანისა და ბორისპოლის აეროპორტებთან ბლოკპოსტები შექმნათ, გადაეკეტათ კიევიდან გასასვლელი გზები და შეემოწმებინათ ყველა საეჭვო ავტოტრანსპორტი იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილის ქვეყნიდან დეპორტაცია არ დაეშვათ. როგორც უკრაინული მედია იტყობინება, სააკაშვილი ჩარტერული რეისით გააფრინეს.

გაიგეთ მეტი: