2017 წლის გლობალური ნარკოლოგიური კვლევის მიხედვით ყველაზე უსაფრთხო და საშიშ ნარკოტიკთა სია გამოვლინდა. სიის შედგენისას გათვალისწინებულ იქნა კვლევაში მონაწილე რესპოდენტთა აზრი ამა თუ იმ ნარკოტიკულ ნივთიერებაზე და ჰოსპიტალიზაციის რისკები.

აღმოჩნდა, რომ მაგიური სოკოები ყველაზე უსაფრთხო ნარკოტიკია, მეორე ადგილზეა კანაფი, მომდევნო ორ ადგილს კი LSD და კოკაინი იკავებს.

რაც შეეხება სიის დასკვნით ნაწილს (ყველაზე საშიშ ნივთიერებებს) აქ მყარად უკავიათ პოზიციები მეტამფეტამინსა და ალკოჰოლს, ხოლო საშუალო რისკების ნაწილში ნახავთ MDMA-ს (ექსტაზი) და ამფეტამინს.

კვლევაში 50 სხვადასხვა ქვეყნიდან 115 523 ადამიანი მონაწილეობდა. დაახლოებით 10 000 მათგანს მაგიურ სოკოებთან შეხება კვლევამდე 12 თვის განმავლობაში ჰქონდა. სამედიცინო დახმარება მათგან მხოლოდ 0.2%-ს დასჭირდა. მაგიური სოკოების გამო ჰოსპიტალიზაციის მიზეზები ძირითადად შემთხვევითი დაზიანებები, პანიკა, დისორიენტაცია და საკუთარი თავის კონტროლის დაკარგვის შიშები გახლდათ.

“მაგიური სოკოები ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ნარკოტიკია მთელ მსოფლიოში. რეალურად, ჰალუცინოგენები დამოკიდებულებას არ იწვევს და იგი არც ჩვენ ორგანიზმს ვნებს დროთა განმავლობაში. თუმცა აუცილებელია, ვიცოდეთ, როგორ უნდა გამოვიყენოთ ისინი სწორად", - ამბობს კვლევის ავტორი.

გლობალური ნარკოლოგიური კვლევა ნარკოტიკების უსაფრთხო მოხმარებას ისახავს მიზნად. აუცილებელია, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები და საზოგადოების წევრები ინფორმირებულნი იყვნენ ყველა ნარკოტიკულ ნივთიერებასთან დაკავშირებული რისკების შესახებ, მიუხედავად მათი ლეგალური სტატუსისა.

მოხსენების ავტორები არ ამართლებენ ნარკოტიკების გამოყენებას, მაგრამ იმედოვნებენ, რომ ცნობიერების ამაღლება საავადმყოფოში ჰოსპიტალიზებულთა რიცხვს მნიშვნელოვნად შეამცირებს.