ტომაშ ჩაიკა, რომელიც შეიძლება ინტერნეტ მემედ ქცეული ფოტოდან გეცნობოდეთ, წარმატებული პროგრამისტი გახდა და ამჟამად SpaceX-ში მუშაობს. მან Falcon Heavy-ს გაშვებაშიც მიიღო მონაწილეობა.

ფოტო, რომელსაც ხუმრობით "გიჟურ აიტი წვეულებას" (Crazy IT Party) უწოდებენ, პროგრამისტებისა და ინჟინერების სოციალური ცხოვრების ირონიულ სიმბოლოდ იქცა. უცნობმა ფოტოგრაფმა ოთხი უფროსკლასელი 1997 წელს პოლონეთის ერთ-ერთ ქალაქში, მათემატიკის ოლიმპიადაზე გადაიღო.

On.ge ტომაშს დაუკავშირდა, რომელმაც დაადასტურა, რომ ცნობილ ფოტოზე ნამდვილად თვითონ არის გამოსახული. პროგრამირების საერთაშორისო კონკურსებში გამარჯვების შემდეგ, ჩაიკამ ჯერ Google-ში დაიწყო მუშაობა, მოგვიანებით კი - SpaceX-ში.