საქართველოს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი ამბობს, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმეზე თუ სასამართლო მისცემს უფლებას, ექსტრადირების კრიტერიუმებით მიიღებს გადაწყვეტილებას. ამის შესახებ წულუკიანმა მუსტაფა ემერე ჩაბუქის ცოლის, თუბა ჩაბუქის წერილზე პასუხის გაცემის დროს ისაუბრა.

"გავეცანი ქალბატონი ჩაბუქის წერილს, მე მინდა საზოგადოებას, მათ შორის მას, ვუთხრა ის, რაც ბევრჯერ მითქვამს, რომ ექსტრადიციის პროცედურები, ყოველთვის წყდება საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან და ფასდება სხვდასხვა კომპონენტი პროცედურების, მათ შორის არის ის, რომ საქმე უნდა იყოს სამართლებრივად გამართული, რომელიც სისხლის სამართლის უცხოეთიდან შემოსილი საქმეა, და რა თქმა უნდა, ხდება იმ ინტერესების ბალანსი, რაც შეიძლება არსებობდეს ადამიანის უფლებების კუთხით და აქ სტრასბურგის პრეცედენტი არის აბსოლუტურად ნათელი", - აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.

მუსტაფა ემრე ჩაბუქის ცოლმა, თუბა ჩაბუქმა იუსტიციის მინისტრს წერილით მიმართა. თუბა ჩაბუქი აცხადებს, რომ თურქეთში მუსტაფას წამება და არაადამიანური მოპყრობა ელოდება, ის სთხოვს იუსტიციის მინისტრს სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღოს.

დემირელის კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერი, მუსტაფა ემრე ჩაბუქი შეიარაღებული ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით, თურქეთის მოთხოვნით, თბილისში 2017 წლის 24 მაისს დააკავეს. მეორე დღეს მას თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასაექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა.