მოსკოვისა და ორენბურგის მხარეების მთავრობებმა გადაწყვიტეს, რომ მოსკოვის ავიაკატასტროფაში დაღუპულთა ოჯახებს მილიონი რუბლის ($17 240) კომპენსაციას გადაუხდიან.

გარდა ამისა, როგორც რუსეთის შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრმა განაცხადა, ნათესავები 2 მილიონი რუბლის ($34 460) ოდენობის სადაზღვევო გადასახადს მიიღებენ. დაკრძალვის ხარჯების დასაფარად კი სამინისტრო თითოეულ დაღუპულს 25 ათას რუბლს ($430) გამოუყოფს.

Saratov Airlines-ის თვითმფრინავი An-148, რომელიც მოსკოვიდან ორსკში მიფრინავდა, 11 თებერვალს აფრებნიდან რამდენიმე წუთში, მოსკოვთან ახლოს ჩამოვარდა.

თვითმფრინავის ბორტზე 65 მგზავრი და ეკიპაჟის ექვსი წევრი იყო. ყველა მათგანი გარდაიცვალა. ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაწყებულია. თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი ჯერ უცნობია.

კერძო სახლის ერთ-ერთმა სათვალთვალო კამერამ თვითმფრინავის ჩამოვარდნა გადაიღო.