ბიზნესმენი ლევან ვასაძე მისი ცოლის სკოლის მიერ მხოლოდ მერვეკლასელი ბიჭებისთვის სტიპენდიის დაწესებაზე, რომელიც ომბუდსმენმა გოგოების დისკრიმინაციად შეაფასა ვიდეოჩანაწერს ავრცელებს. ვასაძე ცოლის ნაცვლად განმარტავს, რომ გადაწყვეტილება მერვე კლასში "ერთი ბიჭი ბევრ გოგოსთან რომ არ მჯდარიყო" მაგის გამო მიიღეს.

ვასაძის თქმით, სკოლას გოგოების დისკრიმინაციული გადაწყვეტილება არ მიუღია და აღნიშნავს, რომ გასულ წელსაც გოგოების წასახალისებლად მსგავსი სტიპენდია დააწესეს.

"ამან, როგორც ჩანს, არ გამოიწვია ქალბატონი პატარაიას ფემინისტური რეაქცია და იგი ბიჭებს არ გამოესარჩლა მაგავე პრინციპით და აი გოგოების ე.წ ჩაგვრაზე მან ენა მიიტანა სახალხო დამცველთან", - საუბრობს სკოლის მფლობელის ქმარი ხატების ფონზე ჩაწერილ ვიდეოჩანაწერში.

ვასაძეს მიაჩნია, რომ სკოლის გადაწყვეტილებაზე კრიტიკა იმის გამო გაჩნდა, რომ მოსწავლეებს ანტიოჯახურ და ანტიეკლესიური წესებით არ ზრდიან.

"მაგიტო გვემტერებით ასე და რა თქმა უნდა, იმიტომაც, რომ ეს ჩემთანაა კავშირში, ადამიანთან, რომელსაც ვერ აშინებთ და ვერ აჩუმებთ თქვენი ფსევდო რელიგიის დემაგოგიით. ჩვენივე ჯიბით დაფინანსებული სტიპენდია კი, რომელიც უდავოდ ჩვენივე უფლებაა, მხოლოდ საბაბია ამისათვის, არ იქნებოდა ეს, იქნებოდა რამე სხვა."

ვასაძე მიიჩნევს, რომ მოქმედი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია მისი წინამორბედივით აგრძელებს ანტიეროვნულ და ანტიქრისტიანულ პოლიტიკას, მათ შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებს და ამბობს:

"მოვითხოვ თქვენგან საჯარო ბოდიშს ჩვენი სკოლის შეურაცხყოფისა და მისი იმიჯისთვის ზარალის მიყენებისთვის."

8 თებერვალს კავშირმა საფარი განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც ლევან ვასაძის ცოლის სკოლამ - შპს იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებელმა 2017-2018 წლისთვის სტიპენდია მხოლოდ მე-8 კლასში გადამსვლელი ბიჭებისათვის დააწესა. სტიპენდიას ვერ მიიღებენ მე-8 კლასში გადამსვლელ გოგოები. ომბუდსმენის თქმით, მსგავსი პროგრამის დანიშვნა თავისთავად გენდერულ სტერეოტიპებსა და უთანასწორო გარემოს ქმნის.