18 თვის ლუკას უორენი აშშ-ს ჯორჯიის შტატიდან, საბავშვო კვების ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბრენდის Gerber-ის სახედ აირჩიეს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. ლუკასის სურათი მარკეტინგული და სარეკლამო მიზნებისთვის იქნება გამოყენებული. როგორც კომპანიაში განაცხადეს, ლუკასი 140 ათასზე მეტი პრეტენდენტიდან შეირჩა. Gerber იმედოვნებს, რომ ლუკასის იმიჯი დაეხმარება საზოგადოებას, უკეთ გაუგოს და დაუახლოვდეს დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს და ხელს შეუწყობს მათ რესოციალიზაციას.

ლუკასის მშობლები NBC-სთან ინტერვიუში იმედს გამოთქვამენ, რომ მათი შვილის იმიჯი ხელს შეუწყობს მსგავსი პრობლემის მქონე ადამიანების სრულფასოვან ცხოვრებას და რეალიზაციას საზოგადოებაში.

გადაწყვეტილებას დადებითი გამოხმაურება მოყვა სოციალურ ქსელებში დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების ოჯახის წევრებისგან.

Gerber-ის მთავარი სავაჭრო ნიშანი, 1928 წლიდან არ შეცვლილა. ეს ფოტოც, ლუკასის ფოტოს მსგავსად, მოხალისეებისგან გამოგზავნილი ფოტოებისგან ამოირჩა.

კონკურსი, რომელშიც პატარა ლუკასმა გაიმარჯვა, 2010 წლიდან ტარდება და მისი მთავარი პრიზი ერთწლიანი კონტრაქტია.