საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის თქმით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხტარლის ბრალდება, მის გატაცებაში საქართველოს პრემიერის მონაწილეობაზე, უსაფუძვლოა.

"ეს არის სრული აბსურდი და აბსოლუტურად მიუღებელია, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს", - აღნიშნა მინისტრმა და ამავე საკითხზე დასმულ სხვა კითხვებს არ უპასუხა.

მუხტარლის განცხადებით, მის გატაცებაში მონაწილე პირები ქართველები იყვნენ და ამაზე პასუხისმგებლობა გიორგი კვირიკაშვილს აკისრია, ვინაიდან პრემიერის თანხმობის გარეშე საზღვარზე ვერავინ გადაიყვანდა. მისივე თქმით, აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის და საქართველოს ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის ბიზნესპარტნიორობის მსხვერპლი გახდა.

მუხტარლი დავის გაგრძელებას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში აპირებს. მისი თქმით, კვირიკაშვილმა პასუხი უნდა აგოს დანაშაულზე.

აფგან მუხტარლი თბილისიდან 29 მაისს გაუჩინარდა და მეორე დღეს ბაქოს ციხეში აღმოჩნდა. ნოემბერში აზერბაიჯანის სასამართლომ შინაპატიმრობაზე უარი უთხრა.