საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებმა, ია ანთაძემ, ირაკლი აბსანძემ და თამთა ყუბანეიშვილმა ჟურნალისტური ეთიკის ქარტია დატოვეს. მიზეზად პირველი არხის მენეჯმენტსა და ქარტიის საბჭოს შორის არსებული კონფლიქტი სახელდება.

კონფლიქტის მიზეზი სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ, საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმირებისთვის ექვსპუნქტიან გეგმის გამოქვეყნება გახდა, რომლის ხელმომწერებს შორის ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაცაა. არასამთავრობოები გეგმის ფარგლებში ითხოვენ საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის ვასილ მაღლაფერიძის გადადგომას, საბჭოს წევრების პარლამენტში დაბარებასა და აუდიტის მიერ ახალი მენეჯმენტის საქმიანობის შესწავლას.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სტრატეგიული განვითარების ბლოკის დირექტორი, ია ანთაძე On.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ ქარტიის დატოვების გარდა სხვა ალტერნატიული გამოსავალი არ არსებობდა:

"ქარტიამ ხელი მოაწერა იმ განცხადებას, რომელშიც ის სხვა ორგანიზაციებთან და პიროვნებებთან ერთად უპირისპირდება საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტს. მე, როგორც ქარტიის წევრი და როგორც ამ მენეჯმენტის წარმომადგენელი, ჩემს თავს ვერ დავუპირისპირდები, ამიტომ უბრალოდ არ იყო არანაირი სხვა გადაწყვეტილება გარდა იმისა, რომ ქარტია მიმეტოვებინა."

როგორც ირაკლი აბსანძემ On.ge-ს უთხრა, ეს არ ყოფილა საზოგადოებრივი არხის მენეჯმენტის გადაწყვეტილება. მისი თქმით, ქარტია იმიტომ დატოვა, რომ სანამ პირველ არხსა და საბჭოს შორის ურთიერთობა არ გაირკვევა ქარტიის წევრად ყოფნა არაპატიოსან საქციელად მიაჩნია:

"მე ვარ ქარტიის დამფუძნებელი წევრი და სამი მოწვევის საბჭოს არჩეული წევრი, 11 პრინციპის შემუშავებაში აქტიურად ვმონაწილეობდი ვიცავდი და ვიცავ ამ პრინციპებს. თუმცა ახლა როცა ორგანიზაცია ითხოვს იმ დაწესებულების მენეჯმენტის გადაყენებას, რომელშიც მე ვმუშაობ და კონფლიქტი აქვს ამ მენეჯმენტთან, არ მგონია პატიოსანი საქციელი იყოს ვიყო ამ ორგანიზაციის წევრი, სანამ მათ შორის ურთიერთობა გაირკვევა. "