ადამიანმა, რომელიც აცხადებს, რომ დედამიწა ბრტყელია, სახლის პირობებში დამზადებული რაკეტით სცადა დედამიწის დატოვება, თუმცა 5 972 000 000 000 000 000 000 000 კილოგრამი სფეროს გრავიტაციის დაძლევა ვერ მოახერხა.

მაიკ ჰიუსმა კარგად იცის, თუ როგორ უნდა ააწყოს რაკეტა. ის კლასიკური ფიზიკის კანონების მიხედვით აგებს რაკეტებს და სწორედ იმ შეშლილი ფიზიკოსების აზრს ითვალისწინებს, რომელთაც დედამიწა სფერო ეგონათ!

გასული კვირის შაბათი კალენდარში ჰიუსის მესამე ჩაშლილი მისიით (ეს კი მისი მეორე კრახია) აღინიშნა. მან გასულ წელს გამოაცხადა, რომ არ სჯეროდა დედამიწის იმ ფორმისა, რომელზეც ასტრონავტები და ნასა თანხმდებიან. მისი აზრით, დედამიწა ბრტყელია.

მართალია, ჰიუსის ორთქლით მოძრავი რაკეტა არც კი დაიქოქა, მაგრამ მოყვარული ასტრონავტის ჩანაფიქრი თავიდანვე განწირული იყო კრახისათვის. უარეს შემთხვევაში მისია მისი სიკვდილით დასრულდებოდა, საუკეთესო შემთხვევაში კი - იმის გაანალიზებით, რომ დედამიწა ყოველთვის მრგვალი იყო.

ჰიუსმა, საკუთარი ხარჯების გარდა, მისია GoFundMe-ის დახმარებით შეგროვებული შემოწირულობებითაც დააფინანსა. მართალია, მას მიზნად $10 000-ის შეგროვება ჰქონდა დასახული, მაგრამ მხოლოდ $100-ის მოგროვება შეძლო.

მისიას პირდაპირ ეთერში Noize TV გადასცემდა. ადგილზე შეკრებილები იყვნენ სანახაობის მოყვარულებიც. ჰიუსის რაკეტა უდაბნოში იდგა, მის უკან კი კალიფორნიის მთები მოჩანდა. ბევრად უფრო მაღალი მთები კი მისგან უხილავი იყო, რადგან დედამიწა ნამდვილად მრგვალია.

Noize TV "ბრტყელდედამიწელის" რაკეტის გაშვებას პირდაპირ ეთერში გადასცემდა: "მზე ამოვიდა, მთვარე ამოვიდა და ძალიან მალე აღმოვაჩენთ, რომ დედამიწა ბრტყელია", - თქვა წამყვანმა პოლ ზერომ, რომელიც ზედმეტად ოპტიმისტურად იყო განწყობილი..

ტელეკომპანიამ საერთაშორისო ინტერესიდან გამომდინარე, თარჯიმანიც კი დაიქირავა.

ჰიუსი თავისივე დამზადებული რაკეტის კიბეზე იდგა და ნერვიულად აწვალებდა თავის ჩაფხუტს.

სიჩუმის გასაფანტად, ზერომ ქათმის უფასო სადილზე დაიწყო ლაპარაკი, რომელიც გაშვების შემდეგ უნდა მოერთმიათ სტუმრებისთვის. მაყურებლებს ნელ-ნელა მოთმინება ეწურებოდათ.

"გაშვება არ მოხდება" - საბოლოოდ აღიარა ზერომ.

ჰიუსი თავისი რაკეტიდან გადმოძვრა და ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გაშვება გადაიდო.

"ხუთჯერ ვცადე მისი დაქოქვა. ქვემოდან დაქოქვის ვარიანტიც განვიხილე, თუმცა, მის ქვეშ თუ მოხვდები, რაკეტა სტარტისას კანსა და კუნთებს გაგაცლის"

ჰიუსი აპირებს, რაკეტას მიუბრუნდეს და გაარკვიოს, რა გააკეთა არასწორად.

"მეგობრებო, ძალიან ვწუხვარ, მაგრამ რას ვიზამთ?" - ასე დასრულდა ბრტყელი დედამიწის თეორიის მომხრის საოცნებო აფრენა.