საქართველოს პარლამენტის წევრი უმრავლესობიდან, ზვიად კვაჭანტირაძე ამბობს, რომ საქართველოდან სავარაუდოდ გატაცებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხტრალი და მისი ცოლი "საქართველოს წინააღმდეგ მზაკვრულ ნაბიჯებს დგამენ". ამის შესახებ დეპუტატმა რუსთავი 2-ს განუცხადა.

"ეს არის ჩვეულებრივი ცილისწამება... ამ ქვეყანას ნამდვილად მისგან არ დაუმსახურებია ის, რომ ასე ლაფში ამოსვაროს მისი იმიჯი და სახელი და ამას, მის განცხადებებს ჩვენი ხელისუფლების წინააღმდეგ ძალიან მარტივად და მოხერხებულად იყენებენ ჩვენი ოპონენტები. ხო ხედავთ, უკვე დაიწყეს, პირდაპირი გაგებით, ყეფა", - აღნიშნა კვაჭანტირაძემ.

აფგან მუხტარლი თავის გატაცებაზე პასუხისმგებლობას საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს აკისრებს და მიაჩნია, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის და საქართველოს ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის ბიზნესპარტნიორობის მსხვერპლი გახდა.

აფგან მუხტარლი თბილისიდან 29 მაისს გაუჩინარდა და მეორე დღეს ბაქოს ციხეში აღმოჩნდა. ამ დრომდე საქართველოს საგამოძიებო უწყებებს მუხტარლის შესაძლო გატაცებაზე გამოძიების დეტალების შედეგები არ გაუვრცელებიათ.