კლუბ BASSIANI-ის დამფუძნებლები რიგ მედიასაშუალებებს, მათ შორის, ასავალ-დასავალსა და ობიექტივს, ასევე, ნეონაცისტური ქართული მარშის წევრებს ცილისწამებაზე უჩივლებენ:

"გვაბრალებენ, თითქოს ჩვენთან იყიდება ნარკოტიკები. ათასგვარი ცილისწამებაა. მიმართავენ შსს-ს, რომ შემოვიდნენ კლუბში და რეიდი მოაწყონ. ბოლო ორი თვეა, ასავალ-დასავალის ნომერი არ ყოფილა, რომ ბასიანი არ ყოფილიყო ნახსენები ამ ჭრილში."

დამფუძნებლების თქმით, სარჩელი ძირითადად ეხება ცილისწამებას და ისინი ამ ბრალდებების უარყოფას მოითხოვენ. ამასთან, სარჩელი საბოლოო სახით ჯერ არ არსებობს, თუმცა პროვოკაციების მოლოდინის გამო, ბასიანის წარმომადგენლებმა სარჩელის დაწერამდე გაასაჯაროვეს.

კლუბის ერთ-ერთი მფლობელის, ნაჯა ორაშვილის თქმით, ქართულმა მარშმა შექმნა ე.წ სახალხო პატრული, რომელიც იმუქრება, რომ კლუბთან იქნება მობილიზებული:

"გვაქვს ინფორმაცია, რომ აპირებენ ვიდეოების დადგმას, თითქოს კლუბში ნარკოტიკული საშუალებები იყიდება. რეალურად გვაბრალებენ სისხლის სამართლის დანაშაულს."

ორაშვილის თქმით, ბასიანი საერთაშორიო კლუბია და მსგავსი ცილისწამება ქვეყნის გარეთ კლუბის ბიზნეს საქმიანობას ხელს უშლის:

"იმუქრებიან, რომ მოვლენ და თავებს დაუხეთქავენ აქ მოსულ ადამიანებს, რაც, რა თქმა უნდა, პრობლემებს ქმნის ბიზნესის მიმართულებით."

ამავე თემაზე: უზენაესმა სასამართლომ ასავალ-დასავალს მამუკა ხაზარაძისთვის 5000 ლარის გადახდა დააკისრა