ქართული ოცნება აცხადებს, რომ შესაძლოა ევროპის სახალხო პარტია რუსეთს გაურიგდა იმისთვის, რომ ეუთოს პრეზიდენტად გიგი წერეთლის არჩევის სანაცვლოდ ევროპის საბჭოში რუსეთს ხმის უფლება აღუდგინონ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გია ვოლსკის თქმით, სახალხო პარტიასა და რუსეთს შორის ურთიერთობების ან მოლაპარაკებების ერთ-ერთ თემას სახალხო პარტიის წარმომადგენლის, გიგი წერეთლის მხარდაჭერა წარმოადგენს:

"ვფიქრობ, 2006-შიც, 2007-შიც და 2008 წლის ომის წინა პერიოდშიც რუსეთს და საქართველოს წარმატებული თუ წარუმატებელი, მაგრამ გარკვეული შეთანხმებები და პოზიცია დაახლოების ფორმატები ჰქონდათ".

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავჯდომარის, თედო ჯაფარიძის თქმით კი, წერეთლის ეუთოს პრეზიდენტობის შემთხვევაში მას ბევრ პროცედურაზე ექნება გავლენა:

"გიგი წერეთლის არჩევით კი არ ხდება ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ფუნქციების განსაზღვრა. მას შეუძლია მეთვალყურეების არჩევაზე იმოქმედოს. არის მთელი რიგი პროცედურები, სადაც პრეზიდენტია ადამიანი და ამ ადამიანს შეუძლია გარკვეული გავლენები მოახდინოს".