თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 100 წლის საიუბილეო ღონისძიების დასრულების შემდეგ, აუდიტორია 115-ის წევრებმა პრემიერ-მინისტრთან გასაუბრება მოითხოვეს.

"დაცვის გარეშე აღარ დადიხართ", - ამ კითხვით მიმართა აუდიტორიის წევრმა გიორგი კვირიკაშვილს, რომელიც თსუ-ის შენობას ტოვებდა, რის შემდეგაც პრემიერი მობრუნდა და საპროტესტო აქციის მონაწილეებს გაესაუბრა: "დაგელაპარაკები, მოდი, რა გინდა, დაცვის გარეშე ვარ, მითხარი."

აუდიტორის წევრის, გიორგი ჩიხლაძის კითხვას რატომ არ შეუშვეს ისინი საიუბილეო ღონისძიებაზე პრემიერმა უპასუხა, რომ ღონისძიების დაგეგმვაში არ მონაწილეობდა:

"დღის წესრიგის შედგენა არ მომხდარა ჩვენს მიერ, ჯერ ერთი, მეორეც დღეს აქ არის ჩამოსული მთელი მსოფლიოდან სტუმრობა. მე არ ვიცი თვენი რომელი წარმომადგენელი, თუმცა, როგორც მითხრეს თქვენი წარმომადგენელი მონაწილეობდა დღეს."

პრემიერმა სტუდენტებს განუმარტა, რომ მათთან კომუნიკაციას თავს არ არიდებს და ბრალდება უსაფუძვლოა:

"კიდევ ერთხელ გეუბნებით, ძალიან უხერხულია, მე არასოდეს თქვენთან კომუნიკაციაზე უარი არ მითქვამს, ეხლაც მოვედი, მაშინაც მოვედი და საერთოდ არ მჭირდება დაცვა, პირდაპირ გეუბნები."

აუდიტორია 115-ის წევრმა პრემიერს განუცხადა, რომ ყოველი კომუნიკაციის შედეგ ისინი მხოლოდ დაპირებებს ღებულობდნენ, რომელიც არ სრულდებოდა.

"მე თქვენ არ გეთანხმებით, მობრძანდით და როცა გნებავთ თქვენ მაშინ ვისაუბროთ",- რის შემდეგაც პრემიერმა თსუ-ის შენობა დატოვა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 100 წლის საიუბილეო ღონისძიება გაიმართა. დახურული ღონისძიება გააპროტესტეს აუდიტორია 115-ის წევრებმა. ისინი მოითხოვდნენ სააქტო დარბაზში შეშვებას და განმარტებას ადმინისტრაციისგან, თუ რა კრიტერიუმით შედგა ღონისძიებაზე დამსწრე სტუდენტების სია.

ადმინისტრაციამ განმარტა, რომ დარბაზში ადგილი აღარ იყო და სტუდენტებს ამიტომ ვერ შეუშვებდნენ, რის შემდეგაც დაცვამ დარბაზის შესასვლელი გადაკეტა. სტუდენტებმა დარბაზში შესვლა სცადეს, რასაც დაპირისპირება მოყვა. დაპირისპირების დროს თსუ-ის დაცვის წევრებმა აუდიტორია 115-ს რამდენიმე წევრი დააკავეს. დაკავებულების თქმით, ღონისძიების დასრულებამდე დაცვას ისინი ოთახში ყავდა დაკეტილი.