ნეონაცისტური დაჯგუფება ქართული მარში აცხადებს, რომ ე.წ. სახალხო პატრულს ჩამოაყალიბებს და საქართველოში მყოფი უცხოელების "თავგასულობას" დაასრულებს.

შესაბამისი განცხადება ულტრამემარჯვენე პოსტებით გამორჩეულ ერთ-ერთ გვერდზე გამოქვეყნდა. პოსტს ახლავს ვიდეოც, რომელშიც ადამიანების ერთი ჯგუფი მეორეს ფიზიკურად უსწორდება. ვიდეოს 47 ათასზე მეტი ნახვა და 900-ზე მეტი გაზიარება აქვს.

"სახალხო პატრული დაკომპლექტდება ეროვნული სულისკვეთების მქონე ახალგაზრდებით. ისინი იპატრულირებენ აღმაშენებლის გამზირზე და ლესელიძეზე. მიგრანტების მიერ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის შემთხვევაში ისინი აღკვეთენ ფაქტს. აღმაშენებელს და ლესელიძეს სრულად გააკონტროლებს სახალხო პატრული."

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ.

2017 წლის 31 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლომ, რასობრივი დისკრიმინაციისთვის 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა ორ პირს. მათ 2015 წელს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ნიგერიის მოქალაქეებს ჯგუფურად მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. მსჯავრდებულები დაკავშირებული არიან ნაციონალისტურ ჯგუფებთან.

ქართული მარში ქსენოფობიური და ჰომოფობიური განწყობების მატარებელი ადამიანების გაერთიანებაა, რომელიც თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში აქციებს მართავენ. ისინი სხვადასხვა დროს დაკავებულნი იყვნენ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის შენობისთვის ქათმების სროლით, ასევე, ლგბტ დროშის დაწვითა და დახევით.