საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ კორცხელში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ვრცელი ანგარიში მოამზადა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ინციდენტი და მის შემდგომ განვითარებულ მოვლენები სახელმწიფოს მხრიდან აზრის/პოლიტიკური შეხედულების და არჩევანის თავისუფლების წინააღმდეგ მიზანმიმართული ქმედებების განხორციელების საფუძვლიან ეჭვს აჩენს.

ანგარიშში წერია, რომ ინციდენტის დროს ადგილზე არ იყო მობილიზებული საკმარისი რაოდენობის პოლიციელი, ხოლო რომლებიც იყვნენენ არც ძალადობის პრევენციის მცდელობა ჰქონიათ და არც მოძალადე სამართალდამრღვევი პირები დაუკავებიათ:

"საგამოძიებო ორგანოების მიერ სამართალდამრღვევთა გამოვლენისა და პასუხისგებაში მიცემის გაჭიანურებამ, რასაც თან ახლდა სამართლის შერჩევითი გამოყენება საზოგადოებაში მათდამი უნდობლობა კიდევ უფრო გააღრმავა".

GDI აღნიშნავს, რომ ინციდენტის გამოძიების პროცესში დანაშაულებრივი ქმედებების კვალიფიკაციაზე უარის თქმა ან მათი არასრული/არასწორი კვალიფიკაცია, კანონის მოთხოვნათა უხეში უგულვებელყოფა, უარის თქმა საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და მართლწესრიგის საფრთხისგან დაცვაზე უხეშად არღვევს ადამიანის უფლებებს და უნდობლობას აღრმავებს სამართალდამცავი ორგანოების მიმართ.

ორგანიზაციის განმარტებით, სწორედ სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან უმოქმედობა აძლიერებს ეჭვს ხელისუფლების მიერ მოძალადეთა მიმართ ლოიალურ დამოკიდებულებასა და მხარდაჭერის თაობაზე:

"განსაკუთრებით შემაშფოთებელია ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირთა მონაწილეობა პოლიტიკური ძალადობის წაქეზებასა და მის სავარაუდო ორგანიზებაში. მიგვაჩნია, რომ საგამოძიებო ორგანოებმა უნდა შეძლონ კონსტიტუციით გარანტირებული კანონის უზენაესობის დაცვა და ჩაატარონ სწრაფი, ეფექტური და გამჭირვალე გამოძიება, რომელიც გაზრდის სამართალდამცავი ორგანოების მიმართ სანდოობას და გააქარწყლებს ეჭვებს პოლიტიკაში მათ იარაღად გამოყენებასთან დაკავშირებით.

იმისთვის, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებმა მშვიდ გარემოში ჩაიაროს, GDI მოუწოდებს სახელმწიფოს ეფექტური ზომები მიიღოს კორცხელში ჩადენილი ძალადობის ფაქტების სრულად და ეფექტურად გამოსაძიებლად, მოძალადე პირების გამოსავლენად და მათ მიმართ სწრაფი მართლმსაჯულების განსახორციელებლად.

2016 წლის 22 მაისს კორცხელის საარჩევნო უბანთან მისულ ნაციონალური მოძრაობის წევრებს თბილისიდან ჩასული სპორტსმენები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. როგორც მათ განაცხადეს, ნაციონალური მოძრაობის წევრებმა შეურაცხყოფა მიაყენეს და პროვოკაციაზე წამოაგეს, რასაც მათი რეაქცია მოჰყვა.