დამოუკიდებელ ექსპერტს ვარკეთილის მეტროსადგურის მსგავსად, რემონტის ხარისხი არც მეტროსადგურ ახმეტელის თეატრში აქვს შემოწმებული. ორივე მეტროსადგურში დამოუკიდებელმა ექსპერტებმა მხოლოდ გამოყენებითი მასალების მოცულობები შეაფასეს და არა შესრულების ხარისხი.

ორივე მეტროსადგურში შესრულებული სამუშაოების მოცულობები შპს რეალექსპერტმა და შპს სამშენებლო ექსპერტიზის ბიურომ შეამოწმეს. ორივე კომპანიის წარმომადგენლები On.ge-სთან საუბრისას ამბობენ, რომ მათ მხოლოდ სამუშაოების მოცულობები და არა ხარისხის შეაფასეს.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში On.ge-ს განუცხადეს, რომ ორივე მეტროსადგურში ხარისხი კომპანიის ინსპექტირების ჯგუფი ამოწმებდა და ზედამხედველობას უწევდა სამუშაოებს და დამოუკიდებელ ექსპერტებს სამუშაოები არ შეუსრულებიათ.

"[დამოუკიდებელი ექსპერტების] საჭიროება, როგორც ჩანს, კომპანიამ ვერ დაინახა იმიტომ, რომ ჩვენი კომპანიის თანამშრომლები ამ მიმართულებით ამოწმებდნენ სამუშაოებს", - განმარტავს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის პრესსამსახური.

კითხვაზე - ვარკეთილის მეტროში ჭერის ჩამოშლის შემდეგ რატომ არ ჩამოიხსნა ორივე მეტროსადგურში რემონტის დროს დამაგრებული ჭერი სრულად - კომპანიაში ამბობენ, რომ ახლა საკითხს სამხარაულის ეროვნული ბიურო ამოწმებს.

"როდესაც შემოწმდება როგორც კონსტრუქციულად, ასევე მდგრადობის კუთხით ყველა დეტალი ამ სადგურებში და დაიდება დასკვნები, რა მითითებები იქნება იმის მიხედვით მიიღებს კომპანია გადაწყვეტილებას. ველოდებით სამხარაულის დასკვნას", - ამბობს სატრანსპორტო კომპანიიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი.

თბილისში, ვარკეთილის მეტროსადგურში 30 იანვარს რამდენიმე თვის წინ გარემონტებული ჭერი ჩამოიშალა და 14 ადამიანი დაშავდა. ვარკეთილის მეტროსადგურის გარემონტება - 347 848 ლარი დაჯდა, ახმეტელის თეატრის კი - 523 215 ლარი.