დღეს თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს პროკურატურის შუამდგომლობას მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთში ექსტრადიციის დასაშვებობის თაობაზე.

ჩაბუქის ადვოკატის, სოსო ბარათაშვილის თქმით, თუ სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა გადაწყვეტილებას უზენაესში გაასაჩივრებენ და პარალელურად ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართავენ:

"[მივმართავთ], რათა გამოყენებული იქნას ევროპული სასამართლოს რეგლამენტის 39-ე წესი, რათა მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთში ექსტრადიცია შეჩერებულ იქნას საქმის არსებით განხილვამდე".

ბარათაშვილის განმარტებით, თავდაპირველად მოისმენენ პროკურატურის შუამდგომლობას, შემდეგ კი შუამდგომლობას თვითონ გაეცნობიან და ექსტრადიციის დაუშვებლობას დაასაბუთებენ:

"განვუმარტოთ სასამართლოს სხვა მრავალ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, მათ შორის, ევროკავშირის, ევროსაბჭოს, გაეროს სპეციალური მომხსენებლის, საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციის, არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციების საფუძველზე, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქს ელოდება წამება და არაადამიანური მოპყრობა, რომ შეუძლებელია იქ სამართლიანი სასამართლო პროცესი განხორციელდეს".

მუსტაფა ემრე ჩაბუქი თურქეთის მხარის მოთხოვნით საქართველოში 24 მაისს დააკავეს. 7 ივლისს ცნობილი გახდა, რომ საქართველომ ჩაბუქს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა. ლტოლვილის სტატუსი მიღების შემთხვევაში მისი თურქეთში ექსტრადიცია აღარ მოხდებოდა.

23 აგვისტოს კი თბილისის საქალაქო სასამართლომ მუსტაფა ჩაბუქს წინასაექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა. პატიმრობის ვადა მას 23 თებერვალს ეწურება.