საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას თქმით, საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკაში მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადიცია ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და ეროვნულ კანონმდებლობას. ამის შესახებ ნინო ლომჯარიამ თბილისის საქალაქო სასამართლოსთვის "მეგობრის მოსაზრებით" მიმართვის შემდეგ, საკითხის განხილვამდე ერთი დღით ადრე განაცხადა.

სისხლისსამართლებრივი დევნა სავარაუდო პოლიტიკური ნიშნით

სახალხო დამცველის თქმით, საქმის ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქის მიმართ წარდგენილი ბრალდება ბუნდოვანი ხასიათისაა და არაგანჭვრეტად ნორმას ეფუძნება.

"საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციების დასკვნები მიუთითებს, რომ აღნიშნული სახის ბრალდებით დევნიან პოლიტიკურ აქტივისტებს, რათა მათ აზრისა და გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობის შესაძლებლობა წაერთვათ", - მიანია ომბუდსმენს.

სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის რისკი

ლომჯარიას თქმით, ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობს სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის დიდი ალბათობა.

"კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, ბრალდებულებს წაერთვათ ადვოკატთან კონფიდენციალური წვდომის უფლება და ასევე ვერ სარგებლობენ სხვა მნიშვნელოვანი გარანტიებით", - განმარტა მან.

წამებისა და არასათანადო მოპყრობის რისკი

როგორც ომუდსმენმა აღნიშნა, თურქეთის რესპუბლიკის ციხეებში შემაშფოთებლად მაღალია წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საფრთხე. წამების სისტემური შემთხვევების მიუხედავად, მათი გამოძიება არ ხდება, ხოლო მსხვერპლები ხშირად უკვალოდ უჩინარდებიან.

დიპლომატიური გარანტიების გათვალისწინების რისკი

საქართველოს სახალხო დამცველი სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში მიიჩნევს, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმეში თურქეთის სახელმწიფოს მიერ წარდგენილი დიპლომატიური გარანტიები არ უნდა იქნას გაზიარებული. ისინი არ პასუხობს საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით დადგენილ სამართლებრივ მოთხოვნებს.

"აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები თურქეთის რესპუბლიკის მთავრობისთვის მუსტაფა ემრე ჩაბუქის ანალოგიური ბრალდებით ძებნილი პირების გადაცემაზე ერთხმად ამბობენ უარს, ხოლო ამავე სახელმწიფოთა სასამართლოები არასანდოდ მიიჩნევენ თურქეთის რესპუბლიკის მთავრობის მიერ წარმოდგენილ დიპლომატიურ გარანტიებს", - თქვა მან.