საქართველოს მთავარმა პროკურატურამ საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის თაობაზე.

საექსტრადიციო პროცედურების პარალელურად, მუსტაფა ემრე ჩაბუქის მოთხოვნის შესაბამისად მიმდინარეობდა საქმის წარმოება მისთვის ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების თაობაზე, თუმცა მას უარი უთხრეს. თბილისის სააპელცაი სასამართლომ მუსტაფა ემრე ჩაბუქისთვის ლტოლივილის სტატუსზე უარი ძალაში დატოვა.

ადვოკატის, სოსო ბარათაშვილის თქმით, ლტოლვილის სტატუსზე გადაწყვეტილებას არანაირი საერთო არ აქვს მართლმსაჯულებასთან:

"უკიდურესად პოლიტიზირებული გადაწყვეტილებაა. როდესაც სასამართლო არ იხსენიებს თავის გადაწყვეტილებაში არსებით მტკიცებულებას, როდესაც ლტოლვილთა სამინისტროს საერთოდ არ გააჩნია მტკიცენულებები, როდესაც 600 გვერდზე მეტი მტკიცებულებები წარვადგინეთ და დამატებით უახლესი ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა მდგომარეობა ადამიანის უფლებათა სფეროში თურქეთში, მხოლოდ ერთი განცხად რჩება, რომ ეს არის უსამართლობა".

პროკურატურის ცნობით, ექსტრადიციის შემაფერხებელი გარემოება დღეის მდგომარეობით აღარ არსებობს.

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, სასამართლო ექსტრადირების თაობაზე გადაწყვეტილებას შეჯიბრებითობის პრინციპით, მხარეთა არგუმენტირებული პოზიციების მოსმენის შემდგომ იღებს.

თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ შეიარაღებული/ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით ძებნილი მუსტაფა ემრე ჩაბუქი საქართველოს ტერიტორიაზე თურქეთის მხარის მოთხოვნით 2017 წლის 24 მაისს დააკავეს.

23 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ მუსტაფა ჩაბუქს წინასაექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა. პატიმრობის ვადა მას 23 თებერვალს ეწურება.