პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა მანდატურის სამსახურის რეფორმასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ამ საკითხის განხილვას დიდი დრო და რესურსი დაეთმობა და გადაწყვეტილებას მაქსიმალურად დაჩქარებულ ვადებში მიიღებენ. მისი თქმით მანდატურის სამსახურის რეფორმა სკოლის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია:

"სკოლის უსაფრთხოება არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი, რომელსაც წელს ჩვენ დავუთმობთ ძალიან სერიოზულ რესურსს და ასევე დროს განხილვებისთვის. მანდატურის სამსახურის რეფორმა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი სკოლის უსაფრთხოების და ჩვენ მაქსიმალურად დაჩქარებულ ვადებში, ბუნებრივია მაქსიმალურად შეჯერებით ყველა კომპონენტის და პოზიციების, მხარს დავუჭერთ ყველა საჭირო ცვლილების გატარებას, იმისთვის რომ ჩვენი შვილების უსაფრთხოება იყოს გაძლიერებული, როგორც სკოლის ტერიტორიაზე ასევე მის მიღმა."

მანდატურის სამსახურის რეფორმირებასთან დაკავშირებით ზოგადი განათლების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი პარლამენტს უახლოეს დღეებში წარედგინება. კანონპროექტი შინაგან საქმეთა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროებმა დღეს განიხილეს.

შეხვედრას, ასევე, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების, პარლამენტის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გაიგეთ მეტი: რისი შეცვლა იგეგმება მანდატურის სამსახურის რეფორმირების კანონპროექტით.