ჯესიკა ჩესტეინი, რომელიც ერთ-ერთ მთავარ როლს თამაშობდა ქსავიე დოლანის ახალ ფილმში, რეჟისორმა ფილმიდან ამოჭრა.

ინფორმაცია ამის შესახებ დოლანმა თავის ინსტაგრამზე გამოაქვეყნა და ჯესიკასთან ერთად მის ფანებს ბოდიში მოუხადა.

როგორც რეჟისორი ამბობს, ამის მიზეზი ფილმის ქრონომეტრაჟია, რომელიც საბოლოოდ ოთხ საათზე მეტი გამოვიდა. გამომდინარე იქიდან, რომ ქსავიეს სურდა ფილმი 2 საათიანი გამოსულიყო, რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილების შეტანა მოუწია, მათ შორის კი მოუწია ჯესიკა ჩესტეინის უარყოფითი პერსონაჟის ყველა სცენის ამოჭრა.

დოლანი ამბობს, რომ ეს მისთვის ყველაზე რთული გადაწყვეტილება იყო, რადგან ჩესტეინი მას გამუდმებით გვერდში ედგა, მათ შორის ამ ფილმის გადაღებების დროს.

ქსავიე დოლანის ახალი ფილმი ჯონ დონოვანის სიკვდილი და სიცოცხლე ეკრანზე სავარაუდოდ 2018 წლის მაისში გამოვა. ფილმში მთავარ როლს სამეფო კარის თამაშების ვარსკვლავი კიტ ჰარინგტონი ასრულებს.

ფილმში ასევე ითამაშებენ ნატალი პორტმანი, ჯეიკობ თრამბლი, სიუზან სარანდონი და ქეთი ბეიტსი.