მანდატურის სამსახურის რეფორმირებასთან დაკავშირებით ზოგადი განათლების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი პარლამენტს უახლოეს დღეებში წარედგინება. კანონპროექტი შინაგან საქმეთა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროებმა დღეს განიხილეს.

შეხვედრას, ასევე, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების, პარლამენტის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კანონპროექტის მიხედვით:

  • სკოლებში უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის, შიდა და გარე პერიმეტრზე ვიდეო კამერების არსებობა გახდება სავალდებულო. აღჭურვის პროცესი ეტაპობრივად წარიმართება და საქართველოს უკლებლივ ყველა სკოლას მოიცავს. სკოლებში, სადაც უკვე არსებობს კამერები, გადამოწმდება მათი დაფარვის არეალი და საჭიროების შემთხვევაში, გაიზრდება ვიდეოკამერების რაოდენობა. ვიდეო კამერების ადმინისტრირებას მანდატურის სამსახური განახორციელებს;
  • განათებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროები კოორდინაციის გასაზრდელად, რისკჯგუფების ადრეულ ეტაპზე იდენტიფიცირებისა და სკოლის გარეთ დანაშაულის პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევების შესახებ ინფორმაციას გაცვლია;
  • სკოლაში მოსწავლეთა შორის კონფლიქტის განეიტრალებისა და სკოლის გარეთ კონფლიქტის გაგრძელების პრევენციისთვის, მანდატურს ექნება მოზარდის შეყოვნების უფლება. სამართალდარღვევის შემთხვევაში ის ვალდებული იენება მშობელსა და პოლიციას შეატყობინოს;
  • მანდატურის სამსახური გახდება დამოუკიდებელი და მაღალი ლეგიტიმაციის მქონე. მანდატური თანამდებობაზე დაინიშნება არა სკოლის დირექტორის, არამედ მანდატურის სამსახურის უფროსის მიერ. მანდატურის სამსახურის უფროსს, თავის მხრივ, თანამდებობაზე ნიშნავს განათლების მინისტრი;
  • მანდატურად დაინიშნება მხოლოდ უმაღლესი განათლლების მქონე პირი;
  • მანდატურის სამსახურში მიღების ასაკი აიწევს 21 წლამდე;
  • იცვლება მანდატურის პროფესიული მომზადების წესი, რომელიც თეორიულ მომზადებასთან ერთად პრაქტიკულ კომპონენტსაც გაითვალისწინებს. გაიზრდება მოსამზადებელი კურსის ხანგრძლივობა. კურსს შესაბამისი ექსპერტები გაუძღვებიან. ახალი კურსის შესაბამისად გადამზადებას მოქმედი მანდატურები ეტაპობრივად გაივლიან.