საქართველოს პარლამენტის წევრი რომან კაკულია ამბობს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის, გიორგი იაკობაშვილის მსგავსი ტერმინებით საუბრის უფლებას საკუთარ თავს არ მისცემს. საბჭო წევრმა არასამთავრობო ორგანიზაციები უხამსი ტერმინოლოგიით მოიხსენია.

"არასამთავრობო სექტორი არის ქვემოდან ზემოთ განვითარებული სტრუქტურა, როდესაც ადამიანების გარკვეული რაოდენობა იკრიბება რაღაც მიზნის მისაღწევად. შემდეგ ისინი ირჩევენ ადამიანების ჯგუფს, რომლებიც მათი ინტერესების განმხორციელებლები იქნება. და არა ის, რომ ორი-სამი ადამიანი იკრიბება და ხდებიან სხვადასხვა პოლიტიკური ძალის ინსტრუმენტი. შეიძლება ეს ადამიანი [გია იაკობაშვილი] ასეთ ბევრ ინფორმაციას ფლობს და ამას გულისხმობდა, თუმცა ალბათ ამის გამოხატვა სხვა სიტყვებით შეიძლებოდა", - ამბობს კაკულია.

მიუხედავად იმისა, რომ კაკულია ერთ-ერთია ვინც იაკობაშვილის კანდიდატურას მხარი დაუჭირა, ის ამბობს, რომ მის სამომავლო განცხადებებზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს. თუმცა გიორგი იაკობაშვილის სამეურვეო საბჭოს წევრად არჩევამდე ჰომოფობიური შინაარსის განცხადებებით გამოირჩეოდა.

2013 წელს გია იაკობაშვილმა გადაცემა არგუმენტებში 17 მაისის მოვლენებზე ისაუბრა, სადაც აღნიშნა, რომ საქართველოში ლგბტ თემი არ იჩაგრება. რომან კაკულიას თქმით, იაკობაშვილის ამ განცხადების შესახებ მან არაფერი იცოდა.

On.ge დაინტერესდა, მისი განცხადების ცოდნის შემთხვევაში დაუჭერდა თუ არა მას მხარს. კაკულიამ გვითხრა, რომ ასეთი კატეგორიული ვერ იქნება. ჩვენ რამდენჯერმე ვკითხეთ იჩაგრებოდა თუ არა ლგბტ თემი საქართველოში, რაზეც დეპუტატმა აღარ გვიპასუხა.

84 ხმით 2-ის წინააღმდეგ (სრული სია) საქართველოს პარლამენტმა გიორგი იაკობაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად 2017 წლის 30 ივნისს აირჩია. ის პარალელურად იყო For.ge-ს მთავარი რედაქტორი.

გაიგეთ მეტი: