ტრანსგენდერი ქალი გაბრიელა On.ge-სთან საუბარში ჰყვება, რომ გუშინ საღამოს გმირთა მოედანზე ერთი პირი თავს დაესხა. ხოლო, საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ, მას და მის მეგობრებს, მათ შორის ტრანსგენდერ ქალ მირანდა ფაღავას კიდევ სხვა პირებიც გაუსწორდნენ ფიზიკურად.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო.

გაბრიელას თქმით, ექიმებმა მას ტვინის შერყევა დაუდგინეს, მირანდას კი ცხვირი აქვს გატეხილი:

"გმირთა მოედანზე ვიყავი, როდესაც ერთი პირი დამესხა თავს, მცემა, გამოვიძახე სასწრაფო დამხმარება და საპატრულო ეკიპაჟი მოვიდა. ეს პირი წაიყვანეს საპატრულოში".

გაბრიელა ჰყვება, რომ სასწრაფომ ალადაშვილის კლინიკაში მიიყვანა, სადაც თავისი ორი მეგობარიც მივიდა, მათ შორის მირანდა. როგორც ამბობს, ექიმების დამცინავი და ჰომოფობიური დამოკიდებულების გამო, უარი თქვა იქ მკურნალობაზე და სასწრაფო დახმარება ისევ გამოიძახა, რომ სხვაგან გადაეყვანათ:

"იქ არ აღმომიჩინეს შესაბამისი დახმარება და გადავწყვიტეთ სხვა კლინიკაში გადავსულიყავით. ტექნიკურად გვითხრეს უარი, მარტო გადასხმა დამიდგეს. გამოვედით ეზოში. მე ეტლში ვიჯექი. ჩემი მეგობარი მირანდა ანკეტას ავსებდა შიგნით, სადაც ხსნიდა, თუ რატომ ვამბობდით უარს იქ მკურნალობაზე. ამ დროს გამოვიდა 2 ბიჭი საავადმყოფოდან, დაიწყეს ფურთხება, გინება და უცებ დაარტყეს სასწრაფოს წიხლი, გადმომაგდეს ეტლიდან და მირტყამდნენ. სასწრაფოს თანამშრომელი გადამეფარა და მერე სასწრაფოს ექიმსაც დაარტეს. ჩემი მეგობრები გამოვიდნენ ჩემს დასახმარებლად და ამ დროს მათაც გაუსწორდნენ. სასწრაფომ ჩამსვა და გადამიყვანა ორთაჭალაში, ნიუ ჰორპიტალში. იქ მთელი ღამით დავრჩით, ახლა უკვე გამოგვწერეს და სახლში ვართ".

ტრანსგენდერი ქალი მირანდა ფაღავა რამდენიმე დღის წინაც სცემეს. დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, ერთი პირი უკვე დააკავეს. საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახედ, პატიმრობა შეუფარდა.