"იდეალური იქნება, რომ დაისაჯონ ჩამდებები, რომლებიც საზოგადოებისთვის ცნობილი არიან, მაგრამ ის შედეგიც, რომ დღეს ეს პროცესი შეჩერდეს, მაინც კარგი იქნება", - ასე გამოეხმაურა გირჩის წევრი, იაგო ხვიჩია შინაგან საქმეთა სამინისტროს შეერთებას აქციაზე "არა ჩადებას".

"მე მგონია, რომ ყველა მინისტრი ჩამდები იყო აქამდე საქართველოში. ყველა მინისტრმა იცოდა, რომ მისი უწყება იყენებდა ჩადებას როგორც იარაღს. ამის არ შეცვლა ნიშნავს, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა ყველა მინისტრს ეკისრება ჩადებაზე. კონკრეტულად გიორგი გახარია [მოქმედი შს მინისტრი] თუ მიხვდა, რომ ჩადება უნდა დავამთავროთ და ეს გადაწყვეტილება ნამდვილად იქნა მიღებული შსს-ში, ვფიქრობ, რომ ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია", - ამბობს ხვიჩია On.ge-სთან საუბრისას.

დღეს, 4 თებერვალს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე წარწერა "არა ჩადებას!" გაჩნდა. იაგო ხვიჩიას აზრით, შსს-მ გაიაზრა, რომ ის იყო, ან დღესაც არის დაკავებული ამ პრაქტიკით. მისივე თქმით, ესაა მკაფიო მესიჯი, რომ ჩადებებზე უარი უნდა ვთქვათ.