თეთრი ხმაურის მოძრაობის აქტივისტი, დათო სუბელიანი ამბობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ლოზუნგების ნაცვლად, რეალური ცვლილებებით უნდა აჩვენოს, რომ ნარკოტიკული საშუალებების ჩადება აღარ მოხდება. ასე გამოეხმაურა აქტივისტი შსს-ს მიერთებას აქციაზე "არა ჩადებას".

"ერთი მხრივ, ღიმილს მგვრის, რა თქმა უნდა, როდესაც ამის პარალელურად ჯერ კიდევ მიმდინარეობს საქმეები და არსებობენ დაუსჯელი პოლიციელები", - ამბობს სუბელიანი On.ge-სთან საუბრისას.

მისი თქმით, უწყების ამ პოზიციამდეც განაცხადა შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ, რომ არ გამორიცხავს მსგავსი მანკიერი პრაქტიკის არსებობას.

"ჩვენ გვჭირდება დამნაშავეები, რომლებიც სისტემურ დანაშაულს ჩადიოდნენ", - დასძენს სუბელიანი.

მისივე თქმით, უწყებამ გადადგმული ნაბიჯებით მოქალაქეებს უნდა დაანახოს, რომ ცვლილებები რეალურია.

"ამისთვის შიდა გამოძიება უნდა აწარმოონ და თქვან, რომ ჩინოვნიკები მფარველობდნენ დამნაშავეებს და ახლა აღარ იქნება ეს. ეს არის მნიშვნელოვანი, რომ გააკეთონ და არა მარტო ლოზუნგები, რომ ჩადებები აღარ იქნება სამინისტროს პრაქტიკაში", - ასეთი მოლოდინი აქვს აქტივისტს შსს-სგან.

დღეს, დაახლოებით ორი საათის წინ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე წარწერა "არა ჩადებას!" გაჩნდა. უწყების პრესსამსახურში On.ge-ს უთხრეს, რომ ამით აქციას "არა ჩადებას!" შეუერთდნენ.

უწყების პრესსამსახურში, კითხვაზე - ეს ნიშნავს, თუ არა იმას, რომ "ჩადებები" ხდება - ამბობენ, რომ "ამ სტატუსით ყველაფერი ნათქვამია".