კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ინტერნეტის ხარისხის კონტროლის სისტემის შესყიდვის საეჭვო ტენდერს ჩაშლილად გამოაცხადა. კომისიის განცხადებით, ტენდერთან დაკავშირებით გაჩნდა კითხვები, რომლებიც მხოლოდ ტექნიკური სახის იყო და სატენდერო დოკუმენტის არსებით ნაწილთან კავშირი არ ჰქონდა. ამ ტექნიკური შეცდომის გამო, კომისიამ ტენდერი ჩაშლილად გამოცხადა.

"გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე ორგანოა და მაქსიმალურად ღიად აწარმოებს თავის საქმიანობას, კომისია საჭირიდ მიიჩნევს, თუნდაც ტექნიკური შეცდომის გამო, ინტერნეტის ხარისხის კონტროლის სისტემის შესყიდვა ჩაშალოს, რადგან არავის აღნიშნულ პროცესთან დაკავშირებით კითხვის ნიშანი არ დარჩეს", - ნათქვამია განცხადებაში.

კომუნიკაციების კომისიას ინტერნეტის ხარისხის კონტროლის სისტემის შესაძენად 267 85 ლარის ღირებულების ტენდერი ჰქონდა გამოცხადებული.

გუშინ, საერთაშორისო გამჭვიროვალობა-საქართველომ განცხადა, რომ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ტენდერი მორგებულია კომპანია Visualware, Inc-ზე, რადგან ხელშეკრულების პროექტის ტექსტში პირდაპირ მითითებულია ტენდერში მონაწილე კომპანიის, Visualware, Inc-ის მაიდენტიფიცერებადი ინფორმაცია.

ორგანიზაციის განმარტებით, კომუნიკაციების კომისიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში დაირღვა საჯარო შესყიდვების ღიაობისა და კონკურენტუნარიანობის პრინციპები.