თბილისის საქალაქო სასამართლომ გენდერული იდენტობის ნიშნით, ტრანსგენდერი ქალის მირანდა ფაღავას ცემისთვის ბრალდებულს, აღკვეთის ღონისძიების სახედ, პატიმრობა შეუფარდა.

საქმე ეხება 2018 წლის 28 იანვარს გენდერული იდენტობის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით მ.ო.-ს ცემის ფაქტს, კერძოდ 04:00 საათზე, თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე, ბრალდებულმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მ.ო.-ს.

შუამდგომლობის განხილვისას, სასამართლომ მიიჩნია რომ, სახეზე იყო აღკვეთის ღონისძიების გამოყენების როგორც ფორმალური, ისე ფაქტობრივი საფუძვლები.

ახალი დანაშაულის ჩადენისა და მიმდინარე გამოძიებისათვის ხელის შეშლის საფრთხეთა გათვალისწინებით, სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2018 წლის 19 მარტს, 12:30 საათზე გაიმართება.

ტრანსგენდერი ქალის, მირანდა ფაღავას მიმართ დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, 1986 წელს დაბადებული პირი გუშინ, პირველ თებერვალს დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო.

თანასწორობის მოძრაობაში მიიჩნევენ, რომ ფაღავას მიმართ ჩადენილი დანაშაული მხოლოდ ძალადობას არ მოიცავს, ვინაიდან მას სერიოზული დაზიანებები აღენიშნება.

ორგანიზაციის წევრების განცხადებით, საქმის წარმოება სისხლის სამართლის კოდექსის 144-3, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის მუხლით უნდა გაგრძელდეს.

მირანდა ფაღავა ჰყვება, რომ მარკეტში ფულის დასახურდავებლად შესვლისას უცხო პირმა დაუძახა და მასთან მისვლა სთხოვა. მისივე თქმით, თხოვნა დაჟინებულ მოთხოვნაში გადაიზარდა, შემდეგ კი ბრაზსა და ყვირილში. ფაღავა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, რომ კაცმა მიახლოებისთანავე დაარტყა, შემდეგ კი გინებისა და ტრანსფობიური შეძახილების ფონზე, მარკეტის შესასვლელში მდგარი რკინის დაფა აიღო და რამდენჯერმე ჩაარტყა.