თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერობის კანდიდატი გიორგი გაფრინდაშვილი აცხადებს, რომ ის არ აპირებს კანდიდატურის მოხსნას და ბოლომდე იბრძოლებს ამ პოზიციის დასაკავებლად.

"მე მზად ვარ კონსტრუქციულ რეჟიმში, შესაბამის გარემოში ნებისმიერ კითხვას გავცე პასუხი და ასევე, თუ ის პრიორიტეტები, რომელიც არის განსაზღვრული ჩემს საარჩევნო გეგმებში, მოხდეს მათი გადახედვა. ყოველგვარი კანონიერი უფლება გამაჩნია წავრსდგე აკადემიური საბჭოს უმრავლესობის მხარდაჭერით წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომაზე. რაც შეეხება გუშინდელ თავისუფალი აზრის გამოთქმას, მხოლოდ და მხოლოდ მივესალმები. თუ რომელიმე ფაქტი დადასტურდება და მას ექნება შესაბამისი სამართლებრივი კვალიფიკაცია, რომლის მიხედვითაც მე ვარ მოძალადე, ვძალადობდი ვინმეზე, ან ვფარავდი რაიმე სახის დანაშაულს, არათუ უნივერისტეტში, არამედ საჯარო სამსახურშიც არ ვიმუშავებ მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში", - განუცხადა მედიას რამდენიმედღიანი დუმილის შემდეგ გიორგი გაფრინდაშვილმა.

თსუ-ს სტუდენტებმა საპროტესტო გამოსვლები მიმდინარე წლის 7 მარტს დაიწყეს. ისინი მოითხოვენ, რომ უნივერსიტეტის კანცლერობის ერთადერთმა კანდიდატმა გიორგი გაფრინდაშვილმა კანდიდატურა მოხსნას. მათი თქმით, გაფრინდაშვილი წლების წინ ადმინისტრაციაში მუშაობდა და ის "ხელს უწყობდა სტუდენტებზე ძალადობას". თავად გაფრინდაშვილი მედიასთან რამდენიმე დღეა არ საუბრობს.

კანცლერის პოსტი თსუ-ში რექტორის შემდგე ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ის განკარგავს უნივერსიტეტის ფინანსებს. კანცლერს უნივერსიტეტის სენატი ირჩევს ხმათა უმრავლესობით.